„საახალწლო პერიოდისთვის ნომრების 80% უკვე დაჯავშნილია“ - „ვილა პალასი“ ბაკურიანში

„ჯერჯერობით ნორმალურად მიმდინარეობს ზამთრის სეზონი ბაკურიანში“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმრო „ვილა პალასის“ გაყიდვების მენეჯერმა თამთა ქიმაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საახალწლოდ ჯავშნების 80% უკვე მიღებულია, დამკვეთების უმეტესობა ქართველია. ქიმაძის თქმით, რამდენიმე ჯგუფის ჯავშანი გაუქმდა, თუმცა მათი ჩანაცვლება უკვე განხორციელდა.

„იმის ფონზე, რაც საქართველოში ხდება, წლევანდელი სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო. საახალწლო პერიოდისთვის ნომრების 80% უკვე დაჯავშნილია. შემდეგი თვეებისთვისაც საკმაოდ კარგი მოთხოვნაა. ჯერჯერობით ნორმალურად მიმდინარეობს სეზონი ბაკურიანში.

ჯგუფებზე არის პრობლემა, რამდენიმე ჯგუფის ვიზიტი გაუქმდა, მაგრამ ჩანაცვლებაც მოხდა. ის ჯგუფები, რომელიც გაუქმდა, იყო როგორც უცხოელი ტურისტები, ასევე ქართველების. იმ დამსვენებლებს შორის, რომლებიც ინტერესს გამოხატავენ, მცირე, 10%-ია მხოლოდ უცხოელი, დანარჩენი ქართველი სეგმენტია.

კონფერენციებს ვაკეთებთ ზოგადად, მაგრამ ამ პერიოდში არც ერთი ჯავშანი არ შემოსულა“, - განაცხადა თამთა ქიმაძე.

მერი ტაბატაძე