თბილისში ბუნებრივი აირის მიწოდება უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, 200-მდე აბონენტს შეუწყდა - გულეიშვილი

„ბუნებრივი აირის მიმართულებით მომხმარებელთა საჩივრები შედარებით ნაკლები რაოდენობით შემოდის,“ - ამის შესახებ მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა განაცხადა.

„ბუნებრივი აირის მიმართულებით მომხმარებელთა საჩივრები შედარებით ნაკლები რაოდენობით შემოდის, თუ შემოდის ესეც აღრიცხვიანობასთანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება, უსაფრთხოების საკითხს, ყურადღების მიქცევა, როგორც კომპანიების, ასევე მომხმარებლების მხრიდანაც საჭიროა. ამ კუთხით მომხმარებლებს ცნობიერების ამაღლება სჭირდებათ. ენერგოომბუდსმენის აპარატს საპრევენციო მუხლი აქვს მიღებული, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს, რომ განახორციელონ მონიტორინგი,“ - აღნიშნა ისაუბრა ნინო გულეიშვილმა.

პრესკონფერენციის ფარგლებში გულეიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა, ზამთრის სეზონის დაწყებამდე კომპანიების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად მიღებულ სტატისტიკურ მონაცემებზეც.

„კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ საკმაოდ ბევრ აბონიმენტს აწოდებს ბუნებრივ აირს. ჩვენ როდესაც ინფორმაცია გამოვითხოვეთ 200 ათასი აბონენტი ჰყავდათ შემოწმებული, 27 ათას აბონენტთან სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შევიდნენ შემოწმებაზე, დაახლოებით 18 ათას მომხმარებელს გაზი არ შეწყვეტია, თუმცა, ბუნებრივი გაზის დანადგარი ჩაუხსნეს, რადგან საფრთხის შემცველი იყო. 1200-ზე მეტ მომხმარებელს კი ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

„საქორ გაზშიც დაახლოებით „სოკარ ჯორჯიას“ მსგავსი მდგომარეობაა. მაგრამ მათ შედარებით ნაკლები მომხმარებელი ჰყავთ. 170 ათასი აბონენტი გადამოწმდა, დაახლოებით 10 ათასთან კომპანია ვერ შევიდა. 11 ათას აბონენტთან გაზის დანადგარი ჩაიხსნა, ხოლო 1200-1500-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი შეუწყდა, რადგან ქსელი ავარიულ მდგომარეობაში იყო.

„თბილისი ენერჯის“ შემთხვევაში თითქმის არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ მომხმარებლის ბრალეულობით ვერ შევიდა კომპანია შემოწმებაზე. დაახლოებით 2ათასამდე აბონენტი იყო, სადაც გაზის მიწოდება არ შეწყდა, მაგრამ დანადგარი ჩაიხსნა, ხოლო „თბილისი ენერჯის“ 200-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტეს,“ - განაცხადა ნინო გულეიშვილმა.

მოამზადა მაგდა შენგელიამ