„სასამართლო და პროკურატურა მართვადია, მოსამართლეს რასაც ეტყვიან იმას იზამს და უბედურებაც ეს არის“ - თემურ ჭყონია

„ჩვენი მთავარი უბედურება ის არის, რომ მოსამართლეც კონტროლის ქვეშ არის“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა.

მანვე ისაუბრა ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვის გზებზე და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აუცილებელი დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა.

„სასამართლო და პროკურატურა მართვადია, მოსამართლეს რასაც ეტყვიან იმას იზამს და უბედურებაც ეს არის“

„პირველი მოთხოვნა [პოლიტპატიმრების გათავისუფლება] ძალიან მარტივი შესასრულებელია მთავრობისთვის, რადგან იცით, რომ ჩვენი სასამართლო და პროკურატურა მართვადია. ეს ჭორი არ არის და სიმართლეა. ამიტომ, შეუძლიათ გამოუშვან. ოღონდ უნდა გამოუშვან ყველა.

იგივე ანდრო ჭიჭინაძე, რა სიტუაციამ მიიყვანა იქ, აი ეს არის მთავარი. არაჩვეულებრივი მსახიობია, კულტურული ადამიანია, არაჩვეულებრივი იდენტობა აქვს, მივიდა აქციაზე და ახლა ვსხედვართ და იმაზე ვსაუბრობთ, როგორ უნდა გამოვიდეს იქიდან. რამ შექმნა ეს სიტუაცია?! და, მერე ამხელა სასჯელი?!

მოსამართლე ხომ ვიცით, რომ მისცემს ამ სასჯელს, მას რასაც ეტყვიან იმას იზამს, ეს არის ჩვენი მთავარი უბედურება, რომ მოსამართლეც კონტროლის ქვეშ არის. არ უნდა დავუშვათ, ეს არის ცუდი. მეორე არის არჩევნების თემა, რომლის გადაწყვეტაც უფრო რთული საკითხია მთავრობისთვის,“ - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი არ აპირებს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, ასევე მთავრობა უარს ამბობს მათ საბიუჯეტო დაფინანსებაზე. მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, რომელიც უკვე 28 დღეა უწყვეტად გრძელდება და საზოგადოების თითქმის ყველა სფერო მოიცვა. პროტესტის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

მათ შორის, ბიზნესსექტორმა შექმნა პლატფორმა Freebusiness.ge, რომელსაც უკვე დაახლოებით 2300 სუბიექტი უერთდება. ეს ბიზნესსუბიექტები თვლიან რომ არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას.

აღსანიშნავია ისიც, რომ 23 დეკემბერს ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში 100-მდე ბიზნესს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესების ის ნაწილი, რომელიც არ არის რეგისტრირებული Freebusiness-ის პლატფორმაზე, ამბობდნენ, რომ „პრემიერმა დაარწმუნა იმაში, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზისთვის არ გადაუხვევია“. პლატფორმაზე რეგისტრირებული ბიზნესები კი კვლავ კრიზისის განმუხტვის საჭიროებაზე საუბრობენ და აცხადებენ რომ ამის ბერკეტი ხელისუფლების ხელშია.

ნინი ქეთელაური