„პროდუქცია გაძვირდება, რიგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება მიწოდება“ - დისტრიბუტორები გადაადგილების შეზღუდვაზე

ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს ფასებზე, ფასი ნებისმიერ შემთხვევაში გაიზრდება, რიგ შემთხვევაში კი შეუძლებელს გახდის ობიექტების მომარაგებას - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ მერიის მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვაზე კომენტირებისას განაცხადა.

ცნობისთვის, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 1-ლი იანვრიდან სადისტრიბუციო ავტომობილებს თბილისში, პიკის საათებში, წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, გადაადგილება ეზღუდებათ. შეზღუდვა 8 საათიდან 11 საათამდე და 17:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს.

"ფასი ნებისმიერ შემთხვევაში გაიზრდება, რიგ შემთხვევაში კი შეუძლებელი გახდება მაღაზიების მომარაგება"

„ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა იმისა შესახებ, რომ განიხილებოდა ღამით დისტრიბუციის შესაძლებლობა. თუმცა, როგორც ლაშა რიჟამაძე აღნიშნავს, რამდენიმეთვიანი განხილვების მიუხედავად, მერიამ 1 კვირით ადრე დილის მომარაგების რეგულაცია ძალაში შეიყვანა.

„ზაფხულიდან მოყოლებული დედაქალაქის მერიასა და ბატონ ვიქტორ წილოსანთან გვქონდა კომუნიკაცია იმის შესახებ, რომ 1-ლი იანვრიდან ეტაპობრივად მომხდარიყო გადასვლა ღამის დისტრიბუციაზე. ვამბობდით, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო ეტაპობრივად და ზიანი არ უნდა მისდგომოდა ადგილობრივ მწარმოებელს. ამ დროს 1 კვირით ადრე ვიგებთ, რომ დედაქალაქის მერია ღამის დისტრიბუციას არ განიხილავს და დილის შეზღუდვა შეჰყავს ძალაში. ამ რადიკალური პროცესებისთვის კომპანიები ფიზიკურად არ არიან მზად, განსაკუთრებით კი ადგილობრივი მწარმოებლები.

ამ ტიპის ტრანსპორტით ხდება ისეთი პროდუქციის გადატანა, როგორიცაა წყალი, ლუდი, ლიმონათი, რძე და ა.შ. მიწოდება რიგ შემთხვევაში შეუძლებელი გახდება, რადგან ის დროის შუალედი 11-დან 17:00 საათამდე არ არის საკმარისი და 20:00 საათის შემდეგ ობიექტებს დიდ ნაწილზე არ არსებობს პროდუქციის მიმღები პირები. ეს პირდაპირ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს ფასზე, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დამატებითი ხარჯებიდან გამომდინარე გაიზრდება.

ჩვენ პრობლემა გვექნება რითეილთან ურთიერთობაშიც, რომელსაც მიუწოდებელ პროდუქციაზე მინიმუმ 1000 ლარი აქვს ჯარიმა. თუ 10 ობიექტს ვერ მივაწოდებთ დღის განმავლობაში 10 ათასი ლარია ჯარიმა, რაც ფიზიკურად შეუძლებელს გახდის ოპერირებას.

დილის მიწოდებას გადაწყობა სჭირდება, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების ჩანაცვლება, თუ კომპანიას ჰყავდა 20 ტრანსპორტო უნდა ჩაანაცვლოს მინიმუმ 60-ით, 3-ჯერ მოუწევთ კადრების ზრდა და ეს წარმოუდგენელ ხარჯთან არის დაკავშირებული და ადგილობრივი მწარმოებელი ფასის ზრდის გარეშე ვერ გადაეწყობა.

ისეთი სენსიტიური პროდუქციის მიწოდება, როგორიც არის რძის ნაწარმი, რომელიც დილის საათებში მომხმარებელს დახლზე ახალი უნდა დახვდეს, შეუძლებელი იქნება. მაგალითად, რომ ავიღო წყალი, რეგულაციის ძალაში შესვლით, წყლის ფასი მინიმუმ 20-30%-ით გაიზრდება“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

მერი ტაბატაძე