„დისტრიბუტორები გარბიან სამსახურიდან, ეს წესი უფრო გაართულებს სიტუაციას“ - მალხაზ დოლიძე

„დისტრიბუტორები გარბიან სამსახურიდან, ეს წესი უფრო გაართულებს სიტუაციას“ – ასე ეხმაურება „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე თბილისის მერის გადაწყვეტილებას. როგორც ცნობილია, 1-ლი იანვრიდან დედაქალაქში სადისტრიბუციო ავტომობილებს პიკის საათებში გადაადგილება ეზღუდებათ.

„პურ-პროდუქტების სადისტრიბუციო მანქანების მიმართ უნდა იყოს განსაკუთრებული წესები, რადგან პური არის პირველადი მოხმარების პროდუქტი და უნდა ჰქონდეს მას შეღავათები. არის ისეთი პროდუქტები, რომლის შეტანა მაღაზიებში საღამოსაც არის შესაძლებელი, რადგან ისინი არ არიან მალფუჭებადები, მაგრამ პური საქართველოში ყველაზე მოთხოვნადია, მაღაზიები დღეში სამჯერაც კი გვთხოვენ მიწოდება“, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.

მისივე თქმით, ეს აკრძალვა დასაქმებულთა ხარისხზეც აისახება: „დისტრიბუტორები გარბიან სამსახურიდან, ქალაქში გართულებული მოძრაობის გამო ისედაც აღარ უნდათ მუშაობა, ეს წესი კი კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას.“

რაც შეეხება იმას, გააძვირებს თუ არა ახალი წესი პურს, დოლიძე ამბობს, რომ „ამ ეტაპზე ფასის ზრდაზე საუბარი ნაადრევია“.

შეგახსენებთ თბილისი მერი კახა კალაძის თქმით, შეზღუდვა 8 საათიდან 11 საათამდე და 17:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს. ჯარიმა პირველ შემთხვევაზე 1000 ლარი იქნება, განმეორებითის შემთხვევაში კი 3000 ლარი.

ავტორი: მაგდა შენგელია