„კრიზისის დროს მიკროსაფინანსო სექტორი დაკრედიტებას ზრდის, თუმცა არსებული სიტუაცია ჩვენზეც აისახება“ - ასოციაცია

„არსებული მდგომარეობა აისახება როგორც ეკონომიკაზე, ქვეყანასა და ყველა ბიზნესზე, ასევე მიკროსაფინანსო სექტორზეც“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნინო დევდარიანმა განაცხადა.

ამასთანავე, დევდარიანმა ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ კრიზისა და მის გავლენაზე მიკროსაფინანსო სექტორზე და აღნიშნა, რომ საბანკო სექტორისგან განსხვავებით, მისო-ები დაკრედიტებას ზრდიან, თუმცა არსებულ სიტუაციას გაგრძელების შემთხვევაში უარყოფითი ეფექტი მიკროსაფინანსო ინსტიტუტებზეც აისახება.

„ქვეყანაში შექმნილი კრიზისი და არასტაბილური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე კარგ გავლენას არ ახდენს, ამაზე საუბრობს უკვე არაერთი ბიზნესი და სხვადასხვა სექტორი. მიკროსაფინანსოებს რაც შეეხება, საბანკო სექტორისგან განსხვავებით მიკროსაფინანსო სექტორს აქვს უფრო მეტად კონტრციკლური ბუნება. კერძოდ, კრიზისულ სიტუაციებსა და ეკონომიკის შენელების პროცესში კიდევ უფრო დიდი როლი და მნიშვნელობა ენიჭება მიკროსაფინანსო სექტორს, იქიდან გამომდინარე, რომ მიკროსაფინანსოები საბანკო სექტორისგან განსხვავებით კრიზისულ პირობებში დაკრედიტებას ზრდიან.

სიტუაციებში, სადაც მომატებული რისკებია, გაურკვევლობაა და საბანკო სექტორი ფრთხილად ეკიდება დაკრედიტებას, აქ მიკროსაფინანსო სექტორის როლი უფრო მეტია, რადგან ის, პრაქტიკულად, ანაცვლებს იმ მოთხოვნებსა და მიწოდებას, რასაც საბანკო სექტორი ანელებს. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, არსებული მდგომარეობის შედეგები აისახება როგორც ზოგადად ეკონომიკაზე, ქვეყანასა და ყველა სექტორზე, ასევე მიკროსაფინანსო ინსტიტუტებზე“, - განაცხადა ნინო დევდარიანმა.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 29 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.

პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.

მერი ტაბატაძე