მიუხედავად ახალი წლის დღეებისა, საქართველოში ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნა შემცირებულია. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის „ოქროს ბირჟაზე“ უთხრეს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მათზეც აისახა.
„წელს ოქროს უფრო ცოტა ადამიანი ყიდულობს, ვიდრე გასული წლის ამ დროს, ან სხვა წლებში. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, ხალხი ძვირფასი ნივთის შეძენისგან თავს იკავებს - მოთხოვნა შემცირებულია“, - უთხრეს „ბიზნესპრესნიუსს“ ოქროს ბირჟაზე.
რაც შეეხება ფასებს, როგორც გაირკვა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფაქტობრივად, არ შეცვლილა. დღეისათვის თბილისის „ოქროს ბირჟაზე“ 583 სინჯი ოქროს ფასი 140 ლარიდან იწყება და 158 ლარამდე ადის; 750 სინჯის ოქრო ე.წ „იტალიური ოქროს“ ღირებულება 175-დან 183 ლარამდეა; 999 სინჯის ოქრო ე.წ „ბაჯაღლოს“ ფასი 243-დან 250 ლარამდე ღირს.
ძვირფას ლითონზე ფასები სტაბილურია მსოფლიო ბაზრებზეც. 26 დეკემბერს, თბილისის დროით 12:00 საათისთვის ერთი უნცია ოქროს ღირებულება 2 626 დოლარს შეადგენს, ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის 1%-ით შემცირებული მაჩვენებელია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი თითქმის 26%-ით მეტია. ბოლო ერთ წელიწადში მსოფლიო ბირჟაზე ერთი უნცია ოქროს ღირებულება 537 დოლარით არის გაზრდილი.
ავტორი: მაგდა შენგელია