ირანმა WhatsApp და Google Play განბლოკა

ირანის ხელისუფლებამ ინტერნეტის შეზღუდვის პოლიტიკა შეარბილა და მესენჯერი, WhatsApp და აპლიკაციების მაღაზია, Google Play განბლოკა.

ინფორმაციას სააგენტო, IRNA ავრცელებს.

ორივე სერვისი 2022 წელს აიკრძალა.

შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება ინფორმაციული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოში ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული. სხდომას ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი თავმჯდომარეობდა.

Bloomberg-ის შეფასებით, ირანის რეჟიმმა გადაწყვიტა, შეემსუბუქებინა შეზღუდვები მზარდი სახალხო უკმაყოფილების ფონზე, რასაც ღაზას „ჰამასისა“ და ლიბანის „ჰეზბოლას“ მხარდაჭერის გამო ისრაელთან კონფლიქტში ქვეყნის ჩათრევა განაპირობებს.

ირანში მსოფლიოში ყველაზე მკაცრი ინტერნეტ-შეზღუდვები მოქმედებს. თუმცა, ტექნიკას მიჯაჭვული ირანელები ვირტუალური კერძო ქსელების გამოყენებით გვერდს უვლიან სოციალური ქსელების დაბლოკვას, როგორიც არის Facebook, X და YouTube. ეს სოცქსელები ჯერ კიდევ 2009 წელს დაიბლოკა. Reuters-ის ცნობით, მოსახლეობა ამ სერვისებს ანტისამთავრობო აქციების დროს აქტიურად იყენებს. ქვეყანაში ასევე TikTok და Telegram არის დაბლოკილი.

ცნობისთვის: ირანის ხელისუფლებამ WhatsApp-ზე, Google Play-სა და Instagram-ზე წვდომა 2022 წლის შემოდგომაზე საპროტესტო გამოსვლების შემდეგ აკრძალა, რაც 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებაზე ირანელების რეაქციამ გამოიწვია. გოგონა ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის „არასწორად“ ტარების გამო დააკავა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ