„ემ ბი სი“-ის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკში მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღებისთვის განაცხადი კიდევ ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აქვს შეტანილი. საუბარია „კრისტალზე“, თუმცა როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო დევდარიანმა აღნიშნა, განაცხადის სტატუსი და განხილვის ვადები ჯერ უცნობია.
„კიდევ ერთი მიმდინარე განაცხადია ეროვნულ ბანკში მიკრობანკის სტატუსის მოპოვებისთვის. ბოლომდე სტატუსი ცნობილი არ არის, მაგრამ ბოლო მონაცემებით ვიცით რომ განხილვის ეტაპზეა. ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის „კრისტალი“. 2023 წელს მიკრობანკობის ორი კანდიდატი გვყავდა - „ემ ბი სი“ და „კრისტალი“.
„ემ ბი სი“-ს სალიცენზიო განაცხადის განხილვა, როგორც იცით, წარმატებით დასრულდა, ხოლო „კრისტალი“ სალიცენზიო განაცხადის დასრულების მოლოდინშია. ველოდებით, რომ კიდევ რამდენიმე განაცხადი შევიდეს ეროვნულ ბანკში - ვადები და ის პირები, ვინც განაცხადს შეიტანენ, ბოლომდე ცნობილი არ არის“, - აღნიშნავს დევდარიანი.
მანვე ჩვენთან საუბარისას ყურადღება გაამახვილა მიკრობანკების უპირატესობაზეც. მისი თქმით, აღნიშნული სტატუსი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ნიშური სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ზრდის საშუალებას მისცემს.
„მიკრობანკების შექმნის იდეას მე ვემხრობი და დადებითად ვაფასებ, რადგან, ფაქტობრივად, იქმნება ახალი საფინანსო ინსტიტუტი ბაზარზე, რომელიც მთავარი, ყველაზე მოწყვლადი სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის დასაკრედიტებლად არის უმნიშვნელოვანესი.
პერსპექტივებს რაც შეეხება, მიკრობანკობის კანდიდატებს ექნებათ საშუალება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან შედარებით, უფრო დიდი რაოდენობის კრედიტები გასცენ. ეს მისცემთ მათ საშუალებას, რომ ნიშურ სექტორს (მცირე და საშუალო ბიზნესს) უფრო სრულფასოვნად მოემსახურონ“, - აღნიშნავს ნინო დევდარიანი.
შეგახსენებთ, 2024 წლის 5 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკების ლიცენზირების წესის გათვალისწინებით, სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალზე" (MBC) მიკრობანკის საქმიანობის პირველი ლიცენზია გასცა.