რუსეთი მოელის, რომ აფხაზეთი მოკავშირეობის ვალდებულებებს შეასრულებს და ადგილობრივ საკანონმდებლო დონეზე რუსული ინვესტიციებისთვის პირობებს შექმნის.
ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
აქვე ზახაროვა აფხაზურ მხარეს შეახსენებს, რომ რუსეთი 23 დეკემბრიდან ენერგოკრიზისში მყოფ აფხაზეთს დენის ჰუმანიტარულ ნაკადს კვლავ უფასოდ აწვდის, რაც 2025 წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.
როგორც ჩანს, ფედერაციის საგარეო უწყება სოციალური ნაკადის სანაცვლოდ „საინვესტიციო ხელშეკრულების“ რატიფიცირებას ითხოვს და ამისთვის აფხაზეთში დე ფაქტო ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდება, რომელიც მომავალი წლის 15 თებერვალს უნდა ჩატარდეს.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2025 წლის 15 თებერვალს აფხაზეთში დაგეგმილი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით აირჩევა ლიდერი, რომელიც გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქვეყანასთან აფხაზეთის პროგრესული განვითარებისა და ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით,“ - ამბობს ზახაროვა.
მისი თქმით, სამოკავშირეო ურთიერთობები ორმხრივ ვალდებულებებს გულისხმობს. ამდენად, ზახაროვა იმედოვნებს, რომ ამის შესაბამისად „სოხუმიც გაითავისებს თავის წილს, მათ შორის, რუსული ინვესტიციებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით.“
ცნობისთვის: ნოემბრის შუა რიცხვებში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების მცდელობას ოპოზიციის მიერ სამთავრობო შენობების დაკავება მოჰყვა. შეთანხმება რუსული ბიზნესისთვის აფხაზეთში ინვესტიციებისას მსხვილ პრეფერენციებს ითვალისწინებს, რაც ოპოზიციამ ეკონომიკური სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხედ ჩათვალა. პროტესტის შედეგად დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ ე.წ. პარლამენტმა „საინვესტიციო ხელშეკრულების“ რატიფიკაცია ჩააგდო.
ამასთან, 1-ლი ნოემბრიდან ენერგოდეფიციტის გამო აფხაზეთში დენის მიწოდებაზე ოთხსაათიანი შეზღუდვა ამოქმედდა. თუმცა 11 დეკემბრიდან ენგურჰესის კაშხალში წყლის კრიტიკულად დაბალი დონის შედეგად გრაფიკი გამკაცრდა და მოსახლეობას დღისით დენი მხოლოდ სამ საათზე ნაკლები დროით მიეწოდებოდა. რუსეთიდან ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება 23 დეკემბერს, თბილისის დროით 08:00 საათიდან დაიწყო, რის შედეგადაც აფხაზეთი კვლავ 1 ნოემბერს შემოღებულ დენის გათიშვის 4-საათიან გრაფიკს დაუბრუნდა. რუსული დენის სოციალური პაკეტი 327 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ