“მოდით, ევროპასავით ნუ შევშფოთდებით. ასე შევშფოთდით მაისშიც, ხელში დავიჭირეთ არაფერი. მაშინაც გვითხრეს “უი, ეს რა მოხდა“, დაგვემშვიდობნენ და მერე არაფერი გაკეთდა“,- ასე ეხმაურება “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი bpn.ge-სთან, ლევან დავითაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მთავრობა გეგმავს დაეხმაროს იმ ბიზნესებს, რომელთა საქმიანობაზეც პროტესტი აისახა.
შალვა ალავერდაშვილის თქმით, მას სურს სჯეროდეს, რომ ამას რეალური ნაბიჯები მოჰყვება.
ცნობისთვის, პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სამინისტრო აკეთებს ანალიზს და შეხვედრები აქვს სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებთან, მათ შორის, მათთან, რომელთა საქმიანობაზეც პროტესტი აისახა. „ჩვენ ვიმსჯელებთ, რით შეიძლება ასეთი ტიპის ბიზნესებს მივეხმაროთ“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
„მოდით, ევროპასავით ნუ შევშფოთდებით. ასე შევშფოთდით მაისშიც, ხელში დავიჭირეთ არაფერი. მაშინაც გვითხრეს „უი, ეს რა მოხდა“ , დაგვემშვიდობნენ და მერე არაფერი გაკეთდა. იგივე ხდება ახლაც, ყველა შეშფოთებულია და სხვა არაფერი ხდება. მინდა დავიჯერო, რომ ამას რეალური ნაბიჯები მოჰყვება“,- ამბობს შალვა ალავერდაშვილი.
კითხვაზე, რა სჭირდება დღეს ბიზნესს, "სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს უწყებებთან ერთობლივად მოსალაპარაკებელი საკითხებია, რადგან ისევ არ აღმოჩნდეს, რომ „ შესაბამისი ნორმატიული აქტი, ან საგადასახადო პირობები არ არსებობს ამისთვის“.
„უნდა დავსხდეთ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან ერთად და ვილაპარაკოთ, რას ვაკეთებთ, რომ მერე ისევ არ მოხდე კაზუსი, რაც მოხდა მაისში, რომ ნორმატიული აქტი არ გვაქვს, საგადასახადო პირობები არ არსებობს ამისთვის და ა.შ. ერთად დავსხდეთ და უნდა მოვიფიქროთ, რით შეიძლება დავეხმაროთ სექტორს. განსაკუთრებით თბილისს და ცენტრალურ ქუჩებს. ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული გადაწყვეტილება და არა შეშფოთება. შეშფოთებულია ყველა, კი ბატონო, ასე იყო მაისშიც და შედეგი ვერ მივიღეთ“,- ამბობს შალვა ალავერდაშვილი.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი არ აპირებს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, ასევე მთავრობა უარს ამბობს მათ საბიუჯეტო დაფინანსებაზე. მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, რომელიც უკვე 29 დღეა უწყვეტად გრძელდება და საზოგადოების თითქმის ყველა სფერო მოიცვა. პროტესტის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.