რუსულ ზეთზე ისედაც სამჯერ გაზრდილი საექსპორტო გადასახადი კიდევ 1,7-ჯერ იზრდება

რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი 2025 წლის იანვარში ტონაზე 16,067 რუბლს (161 დოლარს) შეადგენს, რაც დეკემბრის 9,195.8 რუბლის (92 დოლარის) მაჩვენებელზე 1,7-ჯერ მეტია.

ეს მაშინ, როცა დეკემბერში რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი ისედაც 3-ჯერ იყო გაზრდილი, ხოლო ასეთ მკვეთ ზრდამდე, კერძოდ, 2023 წლის მაისიდან ნოემბრამდე რუსულ ზეთზე ნულოვანი საექსპორტო გადასახადი მოქმედებდა.

რაც შეეხება მზესუმზირის შროტს, საექსპორტო გადასახადი ტონაზე დეკემბრის 3,788.4 რუბლიდან (38 დოლარიდან) მომავალ იანვარს 4,771.6 რუბლამდე (48 დოლარამდე) იზრდება.

საორიენტაციო ფასებმა, რომლის საფუძველზეც ახალი განაკვეთები დაანგარიშდა, ტონა ზეთზე ერთი თვის წინანდელი 954,7 დოლარის ნაცვლად 1,027.5 დოლარი შეადგინა, ხოლო ტონა შროტზე ფასი წინა თვის 212,5 დოლარიდან 221,1 დოლარამდე გაიზარდა.

მიმდინარე წლის აგვისტოში ეს საექსპორტო გადასახადები ერთბაშად ორი წლით, ანუ 2026 წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდა.

ცნობისთვის: ზეთსა და შროტზე გადასახადი 2022 წლის ივლისიდან რუბლებში გამოითვლება. მზესუმზირის ზეთის გადასახადი საბაზისო ფასს, ანუ ტონაზე 82,500 რუბლსა (825 დოლარს) და საორიენტაციო ფასს შორის სხვაობის 70%-ს შეადგენს. შროტზე საბაზისო ფასი ტონაზე 15,875 რუბლია (159 დოლარია).

მოამზადა ლადო სულაბერიძემ