დეკემბრის მხოლოდ 1-ელ ორ კვირაში საერთო ზარალმა 5 მლნ ლარს გადააჭარბა - ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი

დეკემბრის 1-ელ ორ კვირაში ტურიზმის სექტორის საერთო ზარალმა 5 მლნ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 1-14 დეკემბრის პერიოდში ტურიზმის სექტორში გამოიკითხა, ჯამში 221 ორგანიზაცია, რომელთა 34% ამბობს, რომ ჯავშნების 50-დან 80%-მდე გაუქმებულია.

„ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი ინტენსიურად ახორციელებს წევრი ასოციაციებისა და ორგანიზაციების გამოკითხვას მიმდინარე კრიზისის ეფექტის შესასწავლად ტურიზმის სფეროში.

გიზიარებთ გამოკითხვის ანალიტიკურ ინფორმაციას, დეკემბრის თვის 2 კვირის ჭრილში ( 1-14 დეკემბერი, 2024 წელი):

გამოიკითხა 221 ორგანიზაცია; 31 განთავსების ობიექტი; 81 გიდი; 20 კვების ობიექტი; 7 საკონფერენციო სივრცე; 7 ტურისტული ტრანსპორტი; 46 ტურისტული კომპანია და 18 ტუროპერატორი.

საერთო ზარალი ლარში: 5 281 604;

ჯავშნების გაუქმების კოეფიციენტი :გამოკითხულთა 34% აფიქსირებს 50%-დან 80%-მდე გაუქმებას;

მიმდინარე გაყიდვების შემცირება: გამოკითხულთა 43% აფიქსირებს მიმდინარე გაყიდვების შემცირებას 50% დან 80% მდე," - აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის განცხადებაში.

ნინი ქეთელაური