წელს მსოფლიოში აქციათა პირველადი განთავსების, ანუ IPO-ს ოდენობით ინდოეთის ეროვნული საფონდო ბირჟა (NSE) ლიდერობს.
ინფორმაციას Financial Times საერთაშორისო აუდიტორულ-საკონსულტაციო კორპორაცია KPMG-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, წლის დასაწყისიდან 8 დეკემბრის ჩათვლით NSE-ზე აქციათა პირველადი განთავსების ოდენობამ 17.3 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ამერიკულ Nasdaq-ის ბირჟაზე 16.5 მლრდ დოლარის, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) 15.9 მლრდ დოლარის, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე 10.4 მლრდ დოლარის, ხოლო შანხაის საფონდო ბირჟაზე 8.8 მლრდ დოლარის ოდენობა დაფიქსირდა.
2023 წელს ლიდერი შანხაის ბირჟა იყო, როცა პირველადმა განთავსებამ 31,3 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო ინდოეთის NSE-ზე მაშინ მხოლოდ 6,9 მლრდ დოლარის ოდენობა დაფიქსირდა, რაც, სხვა წამყვან სვაჭრო ბირჟებთან შედარებით, ყველაზე დაბალო დონე იყო.
წელს ინდოეთი, ასევე, მსოფლიოში ახალი (პირველადი და მეორადი) ლისტინგის რაოდენობით ლიდერობს. Dealogic-ის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან 12 დეკემბრის პერიოდში ქვეყნის ბირჟებზე 310 ლისტინგი დაფიქსირდა, მაშინ, როცა შარშან მათი რაოდენობა 234 იყო.
აშშ-ში აქციათა განთავსების რაოდენობა 2023 წლის 161-იდან 226-მდე გაიზარდა, ხოლო აზიურ ბირჟებზე ყველგან შემცირდა. კერძოდ, სამხრეთ კორეაში შარშანდელი 121 ლისტინგიდან წელს 117 დაფიქსირდა, იაპონიაში 97-დან 80, ხოლო ჰონგ კონგში 67-დან 63-მდე შემცირდა. მაჩვენებელი ყველაზე მეტად ჩინეთის ბირჟებზე დაეცა, სადაც 2023 წლის 239 ლისტინგიდან წელს მხოლოდ 84 დაფიქსირდა. საუდის არაბეთის ბირჟებზე ლისტინგების რაოდენობა 35-დან 38-მდე გაიზარდა, ხოლო არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ერთი ერთეულით, კერძოდ, 8-დან 7-მდე შემცირდა.
ამასთან, ინდოეთი წელს პირველად გავიდა მეორე ადგილზე ახალი ლისტინგების ოდენობით, რითიც ის მხოლოდ აშშ-ის ჩამორჩება. კერძოდ, წლის დასაწყისიდან 12 დეკემბრის მდგომარეობით, შეერთებულ შტატებში 42,39 მლრდ დოლარის, ინდოეთში კი 17,97 მლრდ დოლარის აქციები განთავსდა. შემდეგი 10,65 მლრდ დოლარით ჰონგ-კონგია. ჩინეთში 7,53 მლრდ დოლარის, იაპონიაში 6,2 მლრდ დოლარის, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 6,18 მლრდ დოლარის, საუდის არაბეთში 3,29 მლრდ დოლარის, ხოლო სამხრეთ კორეაში 3,28 მლრდ დოლარის პირველადი აქციები განთავსდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ