„ბიზნესები, რომლებიც დღეს მხარს უჭერენ ამ გამრუდებულ რეალობას, მას შემდეგ, რაც ეს სიმრუდე გასწორდება ქვეყანაში, უნდა დავსაჯოთ,“ - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ დირექტორმა ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს დასჯა უნდა იყოს ორიგინალური და მის ფარგლებში ბიზნესს უნდა ვაჩვენოთ, რას ნიშნავს რეალურად იყო თავისუფალი.
„თუ საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს იმის სურვილი, რომ ილუზიებით იკვებებოდეს და მისთვის სასურველ ბიზნესს ესაუბროს და ეს ილუზიები გაიმყაროს, ეს მისი არჩევანია და ეს არჩევანი არ არის სწორი. თუ ბიზნესის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ, თვლიან, რომ ქვეყანაში ყველაფერი მართლაც ნორმალურად ვითარდება, ესეც მათი არჩევანია, თუმცა ამ არჩევანში მე თანავუგრძნობ.
მთავარი არის ის, რომ ის ბიზნესები, რომლებიც დღეს მხარს უჭერენ ამ გამრუდებულ რეალობას, მას შემდეგ, რაც ეს სიმრუდე გასწორდება ქვეყანაში, უნდა დავსაჯოთ და ეს დასჯა უნდა იყოს ორიგინალური - უნდა ვაგრძნობინოთ, რა არის სინამდვილეში თავისუფალი ბიზნესი. ამით ჩვენ უნდა დავიცვათ მათი რეალური უფლება საკუთრებაზე, ბიზნეს-ინიციატივაზე, ხელშეუხებლობა ინვესტიციებზე და ა.შ.
ამასთან, ნებისმიერ მათგანს, რომელიც დღეს მხარს უჭერს ამ გამრუდებულ რეალობას, უნდა დავანახოთ, რომ გვჭირდება პატრიოტული და სწორი ფასეულობებით ბიზნესი, რაც დღეს არ გვაქვს,“ - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი არ აპირებს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, ასევე მთავრობა უარს ამბობს მათ საბიუჯეტო დაფინანსებაზე. მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, რომელიც უკვე 30 დღეა უწყვეტად გრძელდება და საზოგადოების თითქმის ყველა სფერო მოიცვა. პროტესტის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
მათ შორის, ბიზნესსექტორმა შექმნა პლატფორმა Freebusiness.ge, რომელსაც უკვე დაახლოებით 2380 სუბიექტი უერთდება. ეს კომპანიები თვლიან რომ არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას.
აღსანიშნავია ისიც, რომ 23 დეკემბერს ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში 100-მდე ბიზნესს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესების ის ნაწილი, რომელიც არ არის რეგისტრირებული Freebusiness-ის პლატფორმაზე, ამბობდნენ, რომ „პრემიერმა დაარწმუნა იმაში, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზისთვის არ გადაუხვევია“. პლატფორმაზე რეგისტრირებული ბიზნესები კი კვლავ კრიზისის განმუხტვის საჭიროებაზე საუბრობენ და აცხადებენ რომ ამის ბერკეტი ხელისუფლების ხელშია. კრიზისი განმუხტვის გზას კი ეს ბიზნესმენები დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნაში ხედავენ.