„რაც ხდება კარგი არ არის, მნიშვნელოვანია რომ იყოს სტაბილურობა - გამოსავალზე მთავრობამ უნდა იზრუნოს“ – „ლილო მოლი“

„რთულია ახლა რამის პროგნოზირება, თუმცა, მიმდინარე მოვლენების გავლენა ბიზნესის ყველა მიმართულებაზე არის მეტ-ნაკლები,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ განაცხადა.

როგორც კვარაცხელია აღნიშნავს, მიუხედავად წინასაახალწლო პერიოდისა, „ლილო მოლში“ ვიზიტორების რაოდენობის კლება ფიქსირდება.

„ჩვენ საიჯარო ფართებს ვაქირავებთ, ამ კუთხით მიმდინარე პერიოდში პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ მიუხედავად წინასაახალწლო განწყობისა, ვიზიტორების ოდნავი შემცირება შეინიშნება.

რაც შეეხება მეწარმეების ინფორმაციას, ზუსტი მონაცემები ჯერ არ მაქვს, მაგრამ გარკვეულწილად იქნება რეალიზაციის კლებაც. იმ ფონზე როცა ვიზიტორები იკლებს, სავარაუდოდ, რეალიზაციის კლებაც იქნება,“ - აცხადებს კვარაცხელია.

23 დეკემბერს ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში 100-მდე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე იყო „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორიც. რესპონდენტს ვკითხე, რა პოზიცია დააფიქსირა შეხვედრაზე.

„ეს ყველაფერი რაც ხდება, კარგი არ არის - ამას არ უნდა დიდი პოზიცია. ჩვენ პოლიტიკაში არ შევდივართ არასდროს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის შემდეგი თემა, რომ იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე და აქედან გამოსავალზე მთავრობამ უნდა იზრუნოს,“ - ამბობს კვარაცხელია.

შეხვედრის შემდეგ მხარეები ამბობდნენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები გაგრძელდება. კვარაცხელიას ასევე ვკითხეთ, მსგავსი შეხვედრის კიდევ ჩანიშვის შემთხვევაში თუ გეგმავს დასწრებას.

„თუ დამპატიჟებენ მივალ, თუ არ დამპატიჟებენ ვერ გეტყვით - ჩვენ ძალით არავის ვუვარდებით,“ - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

მერი ტაბატაძე