საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. როგორც საპენსიო სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული დოკუმენტაციის მიღება 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
სააგენტოს ინფორმაციით, განაცხადების მიღების შემდეგ, პრეტენდენტების გადარჩევისა და გასაუბრების უზრუნველყოფის მიზნით, დოკუმენტაცია სამეთვალყურეო საბჭოს წარედგინება.
გამოცხადებული ვაკანსიის თანახმად, ამ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 14 500 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება მოთხოვნებს, სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის თანახმად, მსურველმა უნდა წარმოადგინოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, უნდა გააჩნდეს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის კი ხუთი წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე. ამასთან, გასაუბრების ფარგლებში, მოეთხოვება შესაბამისი სამართლებრივი კანონმდებლობის ცოდნა, უცხო ენის С2 დონეზე ფლობა და მენეჯერული უნარების ფლობა.
საპენსიო სააგენტოს განმარტებით, შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად კი 2025 წლის 27 იანვარია განსაზღვრული.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ივნისში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში მმართველობითი სტრუქტურის მიმართულებით ცვლილებები განხორციელდა, რომელიც 2025 წლის 1-ლი მაისიდან სრულად ამოქმედდება. ცვლილების ფარგლებში არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები გაუქმდება და შეიქმნება ერთიანი მმართველობითი საბჭო. ამასთან, საპენსიო სააგენტოს სახელწოდება 2025 წლის 1-ლი მაისიდან შეიცვლება და გახდება სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი. ხოლო, კონკურსის შედეგად დანიშნული საპენსიო სააგენტოს დირექტორი 2025 წლის 1-ლი მაისიდან გახდება საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი.
ცნობისთვის, საპენსიო სააგენტო უკვე წელიწადნახევარია დირექტორის გარეშეა, მას შემდეგ რაც 2023 წელის ივნისში გიორგი დანელიამ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტოს აქვს კიდევ 2 ვაკანსია გამოცხადებული - საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების პოზიციაზე.