ტრამპის კიდევ ერთი გამოწვევა - ბიტკოინის დარჩენილი ნაწილი აშშ-ში უნდა დამზადდეს

დონალდ ტრამპის დაპირება, რომ ბიტკოინის დარჩენილი ნაწილი „აშშ-ში უნდა იქნეს დამზადებული,“ შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე რთული შესასრულებელი იყოს.

ამის შესახებ Bloomberg წერს.

ტრამპმა ეს პირობა ივნისში, პლატფორმა Truth Social-ის პოსტში მას შემდეგ დადო, რაც მარ-ა-ლაგოში კრიპტომაინინგის კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

Bloomberg-ის მონაცემებით, 21 მლნ ბიტკოინიდან, რომელიც შესაძლოა, მსოფლიოში დამზადდეს, 95%-მდე უკვე მოპოვებულია, თუმცა ამ ლიმიტის მიღწევას, სავარაუდოდ, 100 წელი დასჭირდება.

ბოლო წლებში აშშ-ში ბიტკოინის მაინინგი მრავალმილიარდიან ინდუსტრიაში გადაიზარდა, რაც ტოკენების ღირებულების ზრდამ განაპირობა. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, შეერთებულ შტატებში მაინერების ჯამური გამოთვლითი სიმძლავრე გლობალური მაჩვენებლის 50%-ზე ნაკლებია, რაც მხოლოდ ამერიკული კომპანიების რესურსით მთელი ქსელის ოპერირებას შეუძლებელს ხდის.

მაინერებისთვის სერვისებისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Luxor Technology-ის მთავარი ოპერაციული დირექტორი, ითან ვერა აცხადებს, რომ ტრამპის დაპირება “სრულიად არარეალურია.”

მისი შეფასებით, ეს დაპირება მხარდაჭერის სიმბოლურ აქტად ითვლება, თუმცა შესრულება, თითქმის, შეუძლებელია, რადგან ბლოკჩეინები დეცენტრალიზებული ქსელებია, რომლებსაც არავინ აკონტროლებს და რომელთაგანაც ვერავინ გამოირიცხება.

ამასთან, Bloomberg-ის ცნობით, სექტორი სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება, რადგან ფართომასშტაბიანი მაინინგ-ოპერაციები მთელ მსოფლიოში ჩნდება, რომ ინდუსტრიის მიერ ყოველწლიურად გამომუშავებულ ათობით მლრდ დოლარიდან წილი მოიპოვონ.

ახალი კონკურენტები რუსი ოლიგარქები, დუბაის სამეფო ოჯახის წევრები და აფრიკაში მოღვაწე ჩინელი ბიზნესმენები არიან. ისინი დიდ ინვესტიციებს დებენ და უზარმაზარ ენერგორესურსებზე აქვთ წვდომა, რომ ამ მომგებიან, მაგრამ ენერგოტევად პროცესს შეუერთდნენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ