„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი" დღეს, 18:30 საათზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სხვა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებთან და აქტივისტებთან ერთად, თბილისის მერიის წინ გააპროტესტებს ორგანიზაციის თანათავმჯდომარის, გიგა სოფრომაძის სამსახურიდან გათავისუფლებას და კიდევ ერთხელ გამოუცხადებს სოლიდარობას როგორც მას, ასევე ყველა იმ საჯარო მოსამსახურეს, რომელიც უკვე გაათავისუფლეს ან ზეწოლის მსხვერპლია.
ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი ავრცელებს.
„მოვუწოდებთ ყველა საჯარო მოსამსახურეს, რომელიც აცნობიერებს საჯარო სამსახურის წინაშე დამდგარ ახალ გამოწვევებს, მისი განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებსა და პოლიტიკური წმენდის დამკანონებელი რეპრესიული აქტის მოქმედების მასშტაბს, შემოუერთდეს სოლიდარობის აქციას და დაიცვას როგორც სხვების, ასევე საკუთარი უფლებები. ჩვენ ვიმსახურებთ მოგვეცეს საშუალება, ვიმუშაოთ ჯანსაღ, დეპოლიტიზებულ საჯარო სამსახურში, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, მისი განუხრელი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.