„თქვენ რასაც მეკითხებით, რომ რა გიჭირთ? ჯერ-ჯერობით, ასეთი სახის დიალოგი ჩვენსა და მთავრობას შორის არ ყოფილა. ახალი წლის მერე თუ მოუნდებათ შეხვედრა, არ ვიცი,“ - ასე ეხმაურება რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ლევან დავითაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მთავრობა გეგმავს დაეხმაროს იმ ბიზნესებს, რომელთა საქმიანობაზეც პროტესტი აისახა.
ცნობისთვის, პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სამინისტრო აკეთებს ანალიზს და შეხვედრები აქვს სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებთან. მათ შორის, მათთან, რომელთა საქმიანობაზეც პროტესტი აისახა.
„მთავრობას ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. თქვენ რასაც მეკითხებით, რომ რა გიჭირთ? ჯერ-ჯერობით, ასეთი სახის დიალოგი ჩვენსა და მთავრობას შორის არ ყოფილა. ახალი წლის მერე თუ მოუნდებათ შეხვედრა, არ ვიცი.
ისე კი, რა გვჭირდება - ყველა რესტორნისთვის ასეთი ერთი „წამალი“ არ არსებობს, სხვადასხვა ობიექტს განსხვავებული საჭიროებები აქვს. მაგალითად, ქართველ მომხმარებელზე ორიენტირებულ რესტორანს სხვა სიტუაცია აქვს, ტურისტებზე მორგებულს სხვა, ბათუმში განსხვავებული ვითარებაა და გორში სხვა, აეროპორტში რომ არის რესტორანი, იმას სხვა სახის დახმარება სჭირდება და ა.შ.“, - ამბობს კოტე გაბრიჩიძე.
კითხვაზე, საგადასახადო შეღავათები, იქნებოდა თუ არა ბიზნესისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ კი.
„შესაძლოა, გადასახადების გადავადებაც იყოს კარგი გამოსავალი. მაგალითად მე, ისეთი გაჭირვებით გადავიხადე დღგ და იჯარის გადასახადი, ვერ წარმოიდგენთ. ასეთი ვითარებაა დღეს. ჩემს მაგივრად სახელმწიფო იჯარას ვერ გადაიხდის, მაგრამ გადასახადის გადავადება თუ მოხდება ან რამე შეღავათს მოგვცემენ, ეს იქნება იდეალური. თუმცა, როგორც გითხარით, ჯერ კომუნიკაცია არ გვქონია ამ საკითხზე“,- აღნიშნავს კოტე გაბრიჩიძე.
შეგახსენებთ, რომ უკვე 30 დღეა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.