„30 წლის განმავლობაში ბიზნესი მთავრობის მსახურია, იმედია, ეს საკითხიც შემოტრიალდება და მთავრობა გახდება ბიზნესის მსახური“ - ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ დირექტორმა, კახა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ისაუბრა.
„ერთი საინტერესო პროცესი მიდის პარალელურად - ხდება ლუსტრაცია. აქ ჯიბის ბიზნესმენსაც ბიზნესმენი ჰქვია, რომელიც ტენდერებით იკვებება, მოლარეებსაც და იმ ადამიანებსაც, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ბიუჯეტში.
ზოგადად, საქართველოში შეძლებული ადამიანები მიმართ გარკვეული აგრესია არსებობს და ცუდთან ასოცირდებიან, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი გვყავს გარშემო. ყველა მთავრობა ბოლო წლების პრობლემას ყოველთვის მდიდარ ადამიანებს აბრალებდა, მაგრამ იმათი გადახდილ ფულს რომ იპარავდნენ, ამაზე არ იყო საუბარი.
მეორე თემაა, რომ 30 წლის განმავლობაში ბიზნესი მთავრობის მსახურია, იმედია, ეს საკითხიც შემოტრიალდება და მთავრობა გახდება ბიზნესის მსახური“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ბიზნესმენის თქმით, ეკონომიკური ზრდა, რაზეც დღეს ხელისუფლება საუბრობს, რუსეთ-უკრაინის ომის „დამსახურებაა“.
„ეკონომიკური ზრდა, რასაც დღეს მთავრობა თავის დამხურებად მიიჩნევს, არ არის მთავრობის დამსახურება და არის რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე. როდესაც ეკონომიკის ზრდაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა გადავხედოთ, როგორ აისახება ეს ყველაფერი მოსახლეობაზე და ამით უნდა განვსაზღვროთ, მართლა არის თუ არა ზრდა: უნდა იყოს ნაკლები სოციალურად დაუცველი ადამიანი, მეტი ბედნიერი ადამიანი და ა.შ.“ - აღნიშნა ხაზარაძემ.