ვაკეში შესაძლოა, 65-სართულიანი ცათამბჯენი აშენდეს (+ფოტო)

ვაკეში შესაძლოა, 65-სართულიანი ცათამბჯენი აშენდეს. საუბარია, ჭავჭავაძის #49-ში, სპორტის უნივერსიტეტის შენობის ტერიტორიაზე, რომელიც 2022 წელის ბოლოს 11 მლნ ლარად გასხვისდა.

როგორც საკრებულოს წევრი საბა ბუაძე bpn.-ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, პირველადი პროექტით გათვალისწინებული იყო 49- სართულიანი ნაგებობის აშენება, რომელსაც მოგვიანებით 10 სართული დაემატა, ახლა კი, საკრებულოში ობიექტის 65 სართულამდე გაზრდისა და მისი იერსახის შეცვლის საკითხია შეტანილი.

საბა ბუაძის ინფორმაციით, საკრებულოს სხდომაზე აღნიშნულის განხილვა გადაიდო, თუმცა პროექტი დედაქალაქის მთავრობის მიერ მოწონებული და დამტკიცებულია.

როგორც საპროექტო დოკუმენტებში ვკითხულობთ, ცათამბჯენს შპს „ვი არ ვაკე თაუერსი“ აშენებს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, “კრწანისი ვილა რეზიდენსის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძეა.

ამასთან, ტერიტორიის ჯამური ფართობი 18664 კვ.მ-ია. აქედან 24,8 % საზოგადოებრივი დანიშნულებისთვის, ხოლო 75,2% საცხოვრებელი ფართისთვის გამოიყენება.

ცვლილების შედეგად, ტერიტორიაზე განთავსდება 1 შენობა ნაგებობა. დამტკიცებული ძირითადი #2 შენობის სიმაღლე შეიცვალა 230 კვ მეტრიდან 260 კვ.მ-მდე, ხოლო სართულიანობა 59-დან 65 -მდე გაიზარდა. ძველი პროექტისგან განსხვავებით, #1 ნაგებობა არ განთავსდება და მის ადგილას, ღია პადელის მოედნები გაკეთდება.

ასევე, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სექტორისათვის შეიცვალა პროცენტული გადანაწილება და გახდა 25,2/74,8% ზე. პროექტში აღნიშნულია, რომ წარმოიქმნა მაკომპენსირებელი ღონისძიების გატარების ვალდებულება. შედეგად მესაკუთრე აცხადებს მზაობას შესაბამისი წესით დადგენილი თანხის გადახდა განახორციელოს აღნიშნული ფართების მიხედვით.

vake

vake_catambjeni

catambjeni_vake

საკრებულოს წევრი საბა ბუაძე: „ეს არის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ ამ ზაფხულს დამტკიცდა. ის გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქალაქს როგორც ურბანული, ისე სატრანსპორტო თვალსაზრისით. ეს არის ძალიან დიდი მოცულობის შენობა, რომლის პირვანდელი სახით, ჯერ უნდა ყოფილიყო 49 სართული, მოგვიანებით გაიზარდა 59-მდე, ბოლოს კი, მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 65 სართული უნდა აშენდეს „ფიზკულტურის ინსტიტუტის“ ადგილზე. იქ, სადაც უნიკალური შენობა და ტერიტორია უნდა ყოფილიყო, მივიღებთ მრავალსართულიან ასეულობით ათას კვადრატულ მეტრ შენობას, რომელიც გაართულებს ცხოვრებას მთლიანად ვაკის მოსახლეობისთვის, რადგან ძალიან მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძზე ხდება და ამას ექნება ძალიან მძიმე შედეგები.

ამასთან, ვხედავთ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება მათ სასარგებლოდ, ვინც ღიად უჭერს მხარს „ქართული ოცნების“ სპეცოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ადამიანების ქუჩაში ცემის, შევიწროების, საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების პირობებში, მათ შორის თბილისის მერიიდან, ხელისუფლების მაქებარი ბიზნესმენები იღებენ ნებართვებს ისეთ მშენებლობებზე, რომელიც ჩვენი ქალაქის იერსახეს და საცხოვრებელ გარემოს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს“,- ამბობს საბა ბუაძე.

ნინი ქეთელაური