ჩავლილი წლის ახალი რეკორდების შემდეგ საფონდო ბირჟაზე 2025 წელს უფრო მეტ "რალის“ მოელიან - ამის შესახებ euronews წერს.
2024 წელს გლობალურმა აქციებმა, ძირითადად, გენერაციული ხელოვნური ინტელექტისა და გლობალური ეკონომიკური აღდგენის გამო რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ანალიტიკოსების აზრით, წლევანდელ პოზიტიურ ეკონომიკურ ფონზე გლობალური ეკონომიკის ზრდა მომავალ წელსაც გაგრძელდება.
ინვესტიციების მართვის ბრიტანულ კომპანია Brooks Macdonald-ში აცხადებენ, რომ ინფლაციის ზეწოლის შემსუბუქება და საპროცენტო განაკვეთების შემცირება ბაზრის ეფექტურობას გაზრდის. 2025 წელს ბაზრები აშშ-ში შესაძლოა, საგადასახადო შეღავათების გაგრძელებით ან გაფართოებით გაიზარდოს.
ასევე, კომპანია, AJ Bell საფონდო ბაზრების კარგ შედეგებს, განსაკუთრებით კი Big Tech-ში პროგნოზირებს, რომლის წესებიც ხელოვნური ინტელექტის (AI) გამო იცვლება, ხოლო AI-თან დაკავშირებული ამერიკული აქციები და კრიპტოვალუტები სულ უფრო მზარდია. ეს ტენდენცია გაგრძელდება მანამ, ვიდრე უფრო მშვიდი ინფლაცია, მდგრადი ზრდა და დაბალი საპროცენტო განაკვეთები განვითარდება.
2025 წლის ბაზრის ფორმირებისთვის შესაძლო ხუთი ფაქტორი ასეთია:
სუვერენული ვალი - ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ძირითადი ეკონომიკები მზარდი ვალის პრობლემას ებრძვიან, რამაც შესაძლოა, ეკონომიკურ ზრდას საფრთხე შეუქმნას. ამ გამოწვევების მოგვარება 2025 წელს ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი იქნება.
მსოფლიო ვაჭრობის განვითარება - აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკამ, მათ შორის, ტარიფების შემოღების ჩათვლით, შესაძლოა, ჩინეთი და ევროზონა, განსაკუთრებით, გერმანია უკან დახიოს. ტარიფები, ასევე, გაზრდის ინფლაციას შეერთებულ შტატებში, რაც Fed-ს პოტენციურად თავისი მონეტარული პოლიტიკის შეცვლისკენ უბიძგებს. თუმცა ანალიტიკოსები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და ამბობენ, რომ დიდი სავაჭრო ომის მოლოდინი შესაძლოა, გადაჭარბებული აღმოჩნდეს, რადგან ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ტარიფების შემოღება, სავარაუდოდ, მიზანმიმართული და შემოფარგლული იქნება.
ძლიერი დოლარი - აშშ-ის ტარიფებმა შესაძლოა, ამერიკის სავაჭრო დეფიციტი შეამციროს, რაც ქვეყნიდან ნაკლები დოლარის გადინებას გამოიწვევს. ნაკლები დოლარის, ანუ, არსებითად, აშშ-ის ძლიერი ვალუტის არსებობა, ასევე, განვითარებადი ქვეყნების ვალების მომსახურების ღირებულებას გაზრდის, რომლებიც ხშირად სესხებს ამ ვალუტაში იღებენ.
„შესანიშნავი შვიდეული” - საფონდო ბირჟაზე, Alphabet-ის, Amazon-ის, Apple-ის, Meta-ს, Microsoft-ის, Nvidia-სა და Tesla-სგან შემდგარმა „შესანიშნავმა შვიდეულმა” წელს დიდი ფული გამოიმუშავა. თუმცა მომავალ წელს მათი ენთუზიაზმი შესაძლოა, 2024 წლის მსგავსი აღარ იყოს. მოულოდნელი რეცესია ამ კომპანიებისთვის შესაძლოა, გამოწვევა გახდეს, ისევე, როგორც მდგრადი ინფლაცია და მოსალოდნელზე მაღალი განაკვეთები. „შესანიშნავი შვიდეულის“ დომინირება შესაძლოა, გაქრეს, რადგან ჩაბეტონებული ექსტრემალური მოლოდინები და ამ კომპანიების უმსხვილესი მასშტაბები მწარმოებლურობას ზღუდავს. უფრო მცირე და საშუალო კაპიტალის აქციები უნდა გაიზარდოს, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამორჩებოდნენ. მათ ინვესტორების მეტი ყურადღება უნდა მიიპყრონ.
შერწყმა-შთანთქმის (M&A) ბუმი - 2025 წელი M&A-ს გარიგებათა ბუმის წელი იქნება, რაც სამთავრობო რეგულაციების შემსუბუქებითა და საკრედიტო ბაზრების მზადყოფნით იქნება გამოწვეული. ანალიტიკოსების პროგნოზით, ეს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში M&A-ს გარიგებების ყველაზე მნიშვნელოვანი ტალღა იქნება, რაც შესაძლებლობებს შექმნის ინვესტორებისთვის, რომლებიც კონსოლიდაციისთვის მზადყოფნ სექტორებში პოზიციონირებენ. ამასთან, მოსალოდნელია, რომ 2025 წელს აქციათა ბაზარს IPO-ების „ტალღა წალეკავს,“ რადგან პოტენციურად გულუხვი შეფასებებისთვის ხელსაყრელი პირობებია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ