აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული Credit Suisse-თან სინგაპურში დავის შედეგად მოგებულ თანხას ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ სახაზინო დეპარტამენტმა მიერ გამოცემულ „გენერალური ლიცენზია #116“-ში.
ამასთანავე, „გენერალური ლიცენზიის“ თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილთან დაკავშირებული ტრანზაქციები აკრძალულია, აშშ-ის მოქალაქეებს უფლება აქვთ, განახორციელონ ტრანზაქციები ან/და ჩაერთონ ტრანზაქციებში ნებისმიერ კომპანიასთან, რომლის 50%-ს ან მეტსაც ფლობს ივანიშვილი იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის კომპანია ცალკეულად SDN სიაში არ არის შეყვანილი.
დოკუმენტში დაზუსტებულია, რომ ეს უკანასკნელი დაშვება არ ეხება სინგაპურის სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებული ტრანზაქციების ავტორიზებას. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ აკრძალვა ეხება სინგაპური სასამართლოსთან დაკავშირებულ ნებისმიერ განაჩენსა და მის აღსრულებას, მათ შორის ქონების გატანას, ტრანზაქციებს, სხვა ტიპის გადახდებსა და ა.შ.
აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ გენერალური ლიცენზიის თანახმად, ჩამოთვლილი ტიპის ტრანზაქციები Credit Suisse-თან დაკავშირებით OFAC-ის დამატებითი თანხმობის გარეშე ვერ განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ოფიციალური გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტების თანახმად, „როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე“, ივანიშვილსა და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები ვრცელდება. აკრძალვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაზე, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს“.
იხილეთ ასევე: სასამართლომ Credit Suisse-ის მიერ ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხა 282 მლნ დოლარით შეამცირა - Bloomberg