ეს სანქციები რამდენიმე თვის წინ დაანონსდა და დღემდე მან მოდიფიკაცია განიცადა. ის არის მორგებული ისე, რომ საქართველოს ეკონომიკას არ შეეხოს - ამის შესახებ „საიფერ ბრიფის“ უფროსმა საერთაშორისო კორესპონდენტმა, ია მეურმიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ისაუბრა.
„ეს სანქციები შემუშავებულია ერთი მიმართულებით და ძირითადად რუსეთთან ურთიერთობას ეხება. კონკრეტულად, მას ეკრძალება რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ურთიერთობა, ასევე სხვა სანქცირებულ უწყებებთან ფინანსური ტრანზაქციები და ეხება იმ კომპანიებს, სადაც ივანიშვილს აქვს 50% ან მეტი წილი“ - განაცხადა მეურმიშვილმა.
მისი თქმით, სანქციებში არ არის საუბარია ოჯახის წევრებზე.
„გამოცხადებულ სანქციებზე არ არის ოჯახის წევრებზე საუბარი. ერთი კონკრეტიკა რაც არის გაწერილი, არის სინგაპურის სასამართლოსთან მისი [ივანიშვილის] მიმდინარე დავა, თუმცა ზუსტად განმარტებული ეს თემა არ არის და ალბათ, იურისტების კომპეტენციაშია მისი დეტალური განმარტება.
კონკრეტულად რა აქტივები აქვს ივანიშვილს აშშ-ში არ ვიცი, თუმცა, არ მგონია, მხოლოდ აშშ-ში არსებულს ეხებოდეს ეს სანქციები, უფრო ფინანსური გამოწვევებია, რომელიც მას საქმიანობებს გაურთულებს“, - აღნიშნა მან.
„ამერიკისთვის ახლო გამოწვევის თემაა ირანი და შემდეგ ჩინეთი. აქედან გამომდინარე, ირანის ხელისუფლებისადმი გადამეტებული ყურადღება და ანაკლიის პორტის ჩინეთისათვის გადაცემა უკვალოდ რომ არ ჩაივლიდა, ფაქტია,“ - განაცხადა ია მეურმიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.
განცხადების თანახმად, "როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება.
შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს".