პრეზიდენტი: ორბელიანების სასახლიდან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები - მიმაქვს ლეგიტიმურობა, დროშა და თქვენი ნდობა

„მე ორბელიანების სასახლიდან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. ეს შენობა არავისი არ არის, ეს შენობა იყო სიმბოლო სანამ აქ იჯდა პრეზიდენტი, რომელიც იყო ლეგიტიმური. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს თქვენი ნდობა“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ მოქალაქეებს.

მანვე კომენტარი გააკეთა პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შესახებ და მიმდინარე მოვლენებს „პაროდია“ უწოდა. მისი თქმით, „ეს საქართველოს არ ეკადრება“.

„დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქით არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება. იქით არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ, იმიტომ რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია. არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში. 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანზე - ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და ფიცი თქვენს ერთგულებაზე. ამიტომ ვარ მე დღეს აქ. ეს ერთგულება არაფრით არ შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. ეს შენობა არავისი არ არის, ეს შენობა იყო სიმბოლო სანამ აქ იჯდა პრეზიდენტი, რომელიც იყო ლეგიტიმური. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს თქვენი ნდობა.

მე მინდა ახლა დავფიქრდეთ იმაზე, რას ნიშნავს ლეგიტიმურობა. ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ, იქ სადაც ხალხის ნდობაც არ არის ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. მე გამოვალ თქვენთან და თქვენთან ვიქნები. რატომ დღეს? დღემდე, ამ წუთამდე დრო იყო მიცემული, ეს არ იყო ულტიმატუმი, იმისთვის რომ მოსულიყვნენ აქ, ან ოცნების წარმომადგენლები, ან თვით ბიძინა ივანიშვილი, იმისთვის, რომ მოგვეძებნა ღრმა კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი, ანუ, შეთანხმება ახალ, თავისუფალი, ნამდვილ არჩევნებზე. ეს იყო ჩემი შეთავაზება, რადგან ყოველთვის არსებობს გამოსავალი როცა ქვეყანაზე ფიქრობ და ქვეყანა გინდა.

აქ არავინ მოსულა, თქვენც ხედავთ, არავინ მოსულა და პასუხი ამ შეთავაზებაზე რა იყო? პასუხი იყო მუქარა ჩემ მიმართ, რაც უშედეგო არის. პასუხი იყო ცინიზმი თქვენს მიმართ, რასაც შედეგი არასდროს ექნება. პასუხი იყო რეპრესიები, ძალადობა, რეალურად ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ხალხის ნების წინააღმდეგ და პასუხი არის დღეს ის პაროდია, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში ხდება - ეს არის პაროდია და არ ეკადრება ეს ამ სახელმწიფოს“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მერი ტაბატაძე