„ვინმე რომ დათმობასა და კომპრომისზე აპირებდეს წასვლას, ასეთი რამე შეხვედრაზე ნამდვილად არ თქმულა”, - „ბიზნესპრესნიუსთან“ „ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორი ბექა ბექაია ირაკლი კობახიძესთან შეხვედრასთან დაკავშირებით აცხადებს.
შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში 100-მდე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდა, მათ შორის იყო „ნუტრიმაქსიც“.
ბექაია აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ბევრი კრიტიკული კითხვა დაისვა, თუმცა პასუხი, თუ როგორ აპირებს მთავრობა სიტუაციის დეესკალაციას, ვერ მოისმინა.
„ბევრი კრიტიკული კითხვა დაისვა, თუმცა, პირადად მე ვერ მივიღე პასუხი, რა გეგმა აქვს მთავრობას ვითარების დეესკალაციისთვის, გარდა ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლისა. ვინმე რომ რაიმე დათმობასა და კომპრომისზე აპირებდეს წასვლას, ასეთი რამე შეხვედრაზე ნამდვილად არ თქმულა. დაპირებების კუთხით კონკრეტიკა არ ყოფილა, იყო ზოგადი საუბარი.
შეხვედრაზე ვისაუბრე იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია არის ზეპარტიული და ზებიზნესური საკითხი. ვისაუბრე, რომ გახლეჩილია საზოგადოება, გახლეჩილი არიან ოჯახები, სამეგობროები, კომპანიებიც, რაც ძალიან ცუდია. ამან შესაძლოა, ძალიან ბევრი ისეთი რამ გააფუჭოს, რაც საერთოდ ბიზნესის პრობლემებსაც დაგვავიწყებს და მით უმეტეს, პოლიტიკური პარტიების პრობლემებსაც.
სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ მხარეებს, განსაკუთრებით კი მთავრობას, რადგან მთავრობას აქვს ყველა ფუნდამენტური ბერკეტი, რომ განმუხტოს სიტუაცია და წავიდეს კომპრომისზე. ეს კომპრომისი არ ვიცი რა შეიძლება იყოს, თავად აქვთ, ალბათ, ბევრი ვარიანტი. უნდა დაფიქრდნენ და გაითავისონ, რომ დათმობა არ არის სირცხვილი და პირიქით, გაცილებით ღირსეული საქციელი იქნება მთავრობისგან, თუ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც დეესკალაციას გამოიწვევს, ეს, პირველ რიგში, საზოგადოებისა და შემდეგ უკვე ბიზნესისთვისაც იქნება კარგი,“ - განაცხადა ბექა ბექაიამ.