პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტი „ევრო 8000“ აუქციონზე 3 500 ევროდ გაიყიდა

საქართველოს საკოლექციო 8000-ევროიანი პირველი ბანკნოტი სპეციალური სერიული ნომრით 3 500 ევროდ გაიყიდა. ლაივ აუქციონი ნიდერლანდების სამეფოში არსებული სააუქციონო სახლის, Crown Currency Auction-ის მიერ ჩატარდა.

საკოლექციო ნივთებზე სპეციალიზებულმა ქართულ-ჰოლანდიურმა კომპანიამ Treasurium-მა, რომელიც გახდა კიდეც სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების წყარო, განაცხადა, რომ საქართველოს პირველი საკოლექციო დანიშნულების ევრო ბანკნოტი ლიმიტირებული ტირაჟით, 5000 ცალი დაიბეჭდა ნიდერლანდების დაცული ბეჭდვის, მაღალი უსაფრთხოების დაწესებულება Royal Joh. Enschedé-ში.

საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის ცნობით, პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი ოფიციალურად წარსდგა მაასტრიხტში, ქალაქში, რომელიც ევროს დაბადების ადგილია. აღნიშნული საკოლექციო ბანკნოტის შექმნაზე ბანკნოტების მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებისა და სპეციალისტების ჯგუფი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა, ცნობილ ქართველ მხატვარ გია ჯაფარიძესა და კალიგრაფიის ქართველ ოსტატ დავით მაისურაძესთან ერთად.

საკოლექციო ბანკნოტი მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან, მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას განასახიერებს. დავით გარეჯის ლავრა, ალავერდის მონასტერი, ქართული მეღვინეობის სიმბოლო - ქვევრი, ქართული კალიგრაფია - სწორედ ამ მნიშვნელოვან ისტორიულ წარსულს წარმოაჩენს პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტი „ევრო 8000“.

“დაცული ბეჭდვის დაწესებულება „Royal Joh. Enschedé” ამაყობს იმ ფაქტით, რომ საქართველოს პირველი საკოლექციო ევრო ბანკნოტი, ევრო 8 000 , სწორედ ჩვენს ისტორიულ სტამბაში შეიქმნა და დაიბეჭდა. საკოლექციო ბანკნოტს განსაკუთრებულობას სძენს „Royal Joh. Enschedé“-ს უნიკალური მახასიათებლები, მათ შორის ფლაიშმანის (Fleischmann) მუსიკალური ნოტაციის ელემენტები (რომლებიც სათავეს იღებს 1795 წლიდან), ასევე ბანკნოტების ჰოლანდიელი დიზაინერის „Ootje“ Oxenaar-ისთვის დამახასიათებელი ვიზუალური მიდგომები და ბრაილის წერტილები. საკოლექციო ბანკნოტი ღირსეულად წარმოაჩენს „Royal Joh. Enschedé“-ს 250 წლიან უზადო ბეჭდვის ტრადიციას და ღირებულ მემკვიდრეობას” - მარსელ კლოკი, Royal Joh. Enschedé-ის კომერციული დირექტორი.

ეკა დარჩიაშვილი