ქერჩისა და ლენინსკის რაიონებში საწვავის შავ ზღვაში ჩაღვრის გამო ანექსირებულ ყირიმში რეგიონული დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
შესაბამის განკარგულებას მოსკოვის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო მმართველმა, სერგეი აქსენოვმა მოაწერა ხელი.
ყირიმის დე ფაქტო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იური გოცანიუკს კატასტროფის შედეგების ლიკვიდაცია დაევალა, ხოლო მუნიციპალიტეტებში მუშაობის უშუალო კოორდინაციას ე.წ. ხელმძღვანელები გაუწევენ.
განკარგულების თანახმად, რეგიონში სანაპირო ზონის სადღეღამისო მონიტორინგი განხორციელდება, ნავთობპროდუქტების შესაგროვებლად მასალების რეზერვი შეიქმნება და საავარიო-აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. ანექსირებული ყირიმის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დეპარტამენტმა უნდა შექმნას ოპერატიული ჯგუფები, რომლებიც ყველგანმავალი ტექნიკითა და საჭირო მოწყობილობებით აღიჭურვება. ე.წ. ეკოლოგიის სამინისტროს ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად საფრთხის წინაში მყოფი ცხოველებისა და მცენარეების დაცვა დაევალა.
ასევე, მოსახლეობისთვის გათბობის მიწოდების შეწყვეტის თავიდან ასაცილებლად ყამიშ-ბურუნსკის თბოელექტროცენტრალის წყალზღუდის ჩამჩა გაიწმინდება, ხოლო საწვავის ემისიების მონიტორინგისა და შეგროვების მიზნით მოხალისეებს მიიზიდავენ.
25 დეკემბერს რეგიონულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა კრასნოდარის მხარის ხელისუფლებამაც შემოიღო, ხოლო მეორე დღეს, 26 დეკემბერს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ საგანგებო რეჟიმი ფედერალურ დონეზე გააფართოვა.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, ანაპისა და თემრიუკის რაიონის სანაპიროებზე ნავთობპროდუქტების გამორიყვა “გაჭიანურდა და არ ჩერდება.” 23 დეკემბერს ანაპის მცხოვრებლებმა პუტინის სახელზე ვიდეომესიჯი ჩაწერეს, რომელშიც ნავთობის წყალში ჩაღვრის შესაჩერებლად „პროფესიული რესურსების“ გაგზავნა მოითხოვეს. ისინი ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციას ვერ უმკლავდება და კატასტროფის შედეგებს, ძირითადად, „ჩვეულებრივი ნიჩბიანი ხალხი“ ებრძვის.
ცნობისთვის: 15 დეკემბერს ქერჩის სრუტეში შტორმის დროს ორი რუსული ნავთობტანკერი, Volgoneft-212 და Volgoneft-239 ჩაიძირა. გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ის განცხადებით, ტანკერებიდან ზღვაში შესაძლოა, საწვავის, დაახლოებით, ნახევარი, ანუ 4,3 ათასი ტონა მაზუთი და ნავთობპროდუქტები მოხვედრილიყო, რაც, გარემოსდამცველების შეფასებით, შავ ზღვაში შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკოლოგიურ კატასტროფად იქცეს და ფლორა-ფაუნას სერიოზულ შედეგებით დაემუქროს.
ამასთან, ნოვოროსიისკის ალექსინოში რვა, ხოლო კრასნოდარის მხარის სტანიცა ბლაგოვეშჩენსკაიაში ერთი დაღუპული დელფინი იქნა აღმოჩენილი, რომლებსაც მაზუთის კვალი აღენიშნებოდათ.
უკრაინის საზღვაო ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მონაცემებით, მაზუთის ლაქა გემების ჩაძირვის ადგილიდან, ანუ კავკაზის პორტის რაიონიდან ჩრდილოეთით აზოვის ზღვამდე ვრცელდება.
ასევე, უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინასწარი შეფასებით, დაზიანებული ავზებიდან 4,000 ტონაზე მეტი საწვავის ჩაღვრის შემთხვევაში შავი ზღვისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 14 მლრდ დოლარს მიაღწიოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ