ილონ მასკს მარსზე პირდაპირი დემოკრატიის დამყარება სურს

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს და SpaceX-ის ხელმძღვანელს, ილონ მასკს მარსზე პირდაპირი დემოკრატიის დამყარება სურს. მისი თქმით, თავად მარსელები გადაწყვეტენ, რა სახის მმართველობა ექნებათ.

აღნიშნული პასუხი მან მომხმარებელს პლატფორმა X-ზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ გასცა, სადაც ის დაინტერესდა, როგორი მმართველობის ფორმა ექნებოდა პლანეტას მას შემდეგ, რაც მარსის კოლონიზაციას მოახდენდნენ.

სექტემბერში მასკმა წარმოადგინა იდეა, რომ SpaceX-ს შეეძლო მარსზე ხუთი უპილოტო კოსმოსური ხომალდის გაგზავნა მომდევნო ორი წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში კი, თუ ხუთივე შეძლებს უსაფრთხოდ დაჯდეს მარსზე, მაშინ ოთხი წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდება პილოტირებული ფრენები წითელ პლანეტაზე. მისი თქმით, მარსის კოლონიზაცია გადაარჩენს მიწიერ ცივილიზაციას იმ შემთხვევაში თუ ბირთვული ომი, რაიმე „სუპერ ვირუსის“ პანდემია ან სხვა მიზეზით გამოწვეული დემოგრაფიული კოლაფსი მოხდება დედამიწაზე.

აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს მასკმა რესპუბლიკელთა გამარჯვება მარსზე ხალხის გაგზავნის აუცილებელ პირობადაც მიიჩნია, წერდა Politico. ზოგჯერ ის პირდაპირ აკავშირებდა ამ ორ მოვლენას, კერძოდ კი, პლატფორმა X-ზე ხშირად მოუწოდებდა: „მიეცი ხმა დონალდ ტრამპს თუ გინდა, რომ კაცობრიობა მარსზე მოხვდეს!“

ეკა დარჩიაშვილი