"ჩემს მობილურზე icloud წაშალეს, $68 000 ჰაერში გამომიკიდეს" - "კრიპტო ბაზრის" დამფუძნებელი

„კრიპტო ბაზრის“ დამფუძნებელმა ავთანდილ კუჭავამ $56 000-ს კრიპტო აქტივი და -12 000 USDT (ბლოკჩეინზე დაფუძნებული კრიპტოვალუტა), ჯამში, $68 000 საბოლოოდ დაკარგა - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ კუჭავას თქმით, მას მობილური 30 ნოემბერს აქციაზე ცემისა და დაკავების პროცესში წაართვეს. როგორც "კრიპტო ბაზრის" დამფუძნებელი აღნიშნავდა, მობილურში ჰქონდა კრიპტო საფულე, რომლის გასაღების 12 სიტყვის ამოწერა, სამართალდამცავების ქმედების გამო ვერ მოახერხა, შესაბამისად, კრიპრო აქტივებზე წვდომა დაკარგა.

ავთანდილ კუჭავა ტელეფონის დამბრუნებელს მობილურის ღირებულების ორმაგი ოდენობის თანხას და ასევე, ელექტრონულ საფულეში არსებული კრიპტოაქტვების 30%-ის გადაცემას ჰპირდებოდა.

თუმცა, როგორც ამჯერად ის სოციალურ ქსელში წელს, მობილურის icloud წაიშალა, შესაბამისად, 68 000 დოლარი დაკარგულია.

"მოკლედ, დასრულდა, ჩემს მობილურზე icloud წაშალეს. - $56 000-ს კრიპტო აქტივი და -12 000 USDT, ჯამში - $68 000-ში დავრჩი ამ ყველაფრის გამო.

გუშინ იყო ბოლო იმედი, რომ ეგ არ ჰქონდა გაკეთებული, ვინც ეგ "აიფონი" ჩაიბარა, მაგრამ "დევაისებიდანაც" გაქრა "აიქლაუდზე". "რექოვერი" არ გააკეთა, როგორც მოსალოდნელი იყო საფულის.

ამიტომ, ახლა ის ფული ასე ჰაერში იქნება სამუდამოდ გამოკიდებული და ვეღარასდროს ვერავის წვდომა ვეღარ ექნება, $68 000 ჰაერში გამომიკიდეს",- წერს ავთანდილ კუჭავა.

ნინი ქეთელაური