ეროვნულმა ბანკმა „სვის კაპიტალი“ დააჯარიმა - ვის ეკუთვნის კომპანია

ეროვნულმა ბანკმა „სვის კაპიტალი“ დააჯარიმა. როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ფულადი სანქციის ოდენობა 3000 ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება მიზეზებს, განმარტებაში ვკითხულობთ, რომ ერთ კლიენტთან მიმართებით დაირღვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ არ განახორციელა კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რაც ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 3 000 ლარის ოდენობით.

რეპორტალი მიხედვით, სს „სვის კაპიტალი“ 2009 წელს დაფუძნდა. 2023 წლისთვის კომპანიას საქართველოს მასშტაბით აქვს სათავო ოფისი და 31 ფილიალი.

რაც შეეხება მეწილეებს, 2023 და 2022 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით სააქციო საზოგადეობა „სვის კაპიტალის“ 50%-ს ფლობს სს სვისს ჰოლდინგსი (რომლის მაკონტროლებელი პირი და 61%-ის მფლობელია დავიდ ბეჩორი), 30%-ს ელბოიმ ეიალი, 17%-ს იოელი ამირი, 2%-ს პაატა დაიაური.

2023 და 2022 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალს“ ასევე, ჰყავს შვილობილი კომპანია - შპს „სვის კაპიტალ გრუპი“, რომელშიც ფლობს 100%-იან წილს.

ნინი ქეთელაური