ბინები გაძვირდა - როგორია ახალი და ძველი საცხოვრებლების ფასი თბილისში?

2024 წლის ნოემბერში თბილისში 3 560 ტრანზაქცია განხორციელდა, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით ტრანზაქციების 3%-იანი კლება დაფიქსირდა, წლიურ ჭრილში ზრდამ 10%-ს მიაღწია.

ამასთან. კვლევის თანახმად, საშუალო გასაყიდმა ფასმა 1 247 დოლარი შეადგინა კვ.მეტრზე, ეს კი, წლიურად 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

„2024 წლის ნოემბერში 846 ახალი ბინა გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში მნიშვნელოვანი, 40%-იანი, გაუმჯობესება იყო, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა.

ძველი ბინების შემთხვევაში 2 714 ტრანზაქცია შესრულდა, რაც წლიურად 3%- იან ზრდასა და თვიურად 6%-იან კლებაში აისახა. შედეგად, ახალი ბინების წილმა ჯამურ გაყიდვებში მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს, 24%-ს მიაღწია.

ნოემბერში საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წლიურად 9%-ით გაიზარდა, ხოლო გასულ თვესთან შედარებით 3%-ით შემცირდა. რაც შეეხება ძველი ბინების ფასებს, დაფიქსირდა 5%-იანი წლიური ზრდა,“ - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, კვლევის ავტორების ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერში ახალი ბინების საშუალო გასაყიდი ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 1 090 აშშ დოლარი, ხოლო ძველი ბინების - 1 294 აშშ დოლარი იყო.

თაია არდოტელი