„2024 წელს კიდევ უფრო გაიზარდა საქართველოს, როგორც მაღალრისკიანი ქვეყნის იმიჯი“ - გვანცა მელაძე

„2024 წელს კიდევ უფრო გაიზარდა საქართველოს, როგორც მაღალრისკიანი ქვეყნის იმიჯი“,- ამის შესახებ ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გვანცა მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, წელს ევროკავშირში საქართველოს ამბები უფრო დიდი დოზით შუქდებოდა, შესაბამისად, იქაური მომხმარებლებისთვის უფრო ცხადი გახდა იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.

„2024 წელს კიდევ უფრო გაიზარდა საქართველოს, როგორც მაღალრისკიანი ქვეყნის იმიჯი. განსაკუთრებით ევროკავშირში. გაშუქება უფრო მაღალი იყო საქართველოს შესახებ, ვიდრე წინა წლებში და ბევრად უფრო ცხადი გახდა ევროკავშირის მომხმარებლისთვის ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება ქვეყანა. შესაბამისად, უარყოფით გავლენა მოახდინა იმ კუთხით, რომ რეალურად ევროპელი იმპორტიორები დიდწილად თავს იკავებენ ახალი შეთანხმებებისგან და სავარაუდო კონტრაქტების გაგრძელებისგან. გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კომპანიებმა მსგავსი ინფორმაციის შესახებ გვითხრეს.

ჩვენ ვინც ძირითადად დაგვიკავშირდა და ასევე, გამოვკითხეთ, არიან მცირე მეწარმეები და არა ნედლეულის, არამედ საბოლოო პროდუქტის მწარმოებლები. საუბარია, ისეთ პროდუქციაზე, რომელსაც აწერია, რომ საქართველოშია დამზადებული, ანუ საბოლოო მომხმარებელზეა გათვლილი“,- ამბობს გვანცა მელაძე.

შეგახსენებთ, რომ უკვე თვეზე მეტია საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.

ნინი ქეთელაური