ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის - „საქართველოს კაპიტალის“, „თიბისი ბანკის ჯგუფისა“ და „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ აქციების ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზრდას აჩვენებს.
კომპანიების აქციების ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს 2024 წლის აპრილ-მაისის პერიოდში მიაღწია, თუმცა, აღნიშნულს თან დაერთო საქართველოში „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და საპროტესტო აქციები, რაც აისახა მოლოდინებზე. სწორედ ამ პერიოდიდან აქციების ფასმა კლება დაიწყო.
ზაფხულში აქციების ფასი მცირედით გაიზარდა. არჩევნებამდე კვლავ კლება დაიწყო, რასაც ნოემბერში ზრდის ტემპი მოჰყვა. თუმცა, 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების განაცხადს, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკების პროცესი, რომელსაც მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი მოჰყვა, გარკვეულწილად იმოქმედა ქართულ კომპანიებზეც. შესაბამისად, იმ პერიოდში შემცირდა მათი აქციების ღირებულება.
თუმცა მიუხედავად წლის განმავლობაში ფასის ასე მერყეობისა, წლიურად სამივე კომპანიის აქციების ღირებულება გაიზარდა.
Georgia Capital PLC-ის აქციების ფასი წლიურად 17%-ით გაიზარდა. 2024 წლის დასაწყისში კომპანიის ერთი აქციის ფასი 10.24 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, 2025 წლის დასაწყისში კი 12 გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ახალი წლის დასაწყისში 466 მლნ სტერლინგს აჭარბებდა. გასული წლის განმავლობაში Georgia Capital-ის ერთი აქციის ფასმა ყველაზე მაღალ ნიშნულს, 13.74 გირვანქა სტერლინგს მიაღწია, ყველაზე დაბალი კი 8.4 გირვანქა სტერლინგი იყო.
TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ გასული წლის ბოლოს 1.75 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებდა. ერთი აქციის ფასი 2024 წლის დასაწყისში 27.75 გირვანქა სტერლინგი, ხოლო 2025 წლის დასაწყისში 31.20 გირვანქა სტერლინგია, რაც წლიურად 12%-იან ზრდაზე მიუთითებს. გასული წლის განმავლობაში ერთი აქციის ფასმა მაქსიმალური მაჩვენებელი 34.64 გირვანქა სტერლინგი, ხოლო ყველაზე დაბალი - 23.50 გირვანქა სტერლინგი დაფიქსირდა.
Bank of Georgia Group PLC-ის აქციები წლიურად 17%-ით გაძვირებას აჩვენებს. გასული წლის დასაწყისში აქციის ღირებულება 40.05 გირვანქა სტერლინგი იყო, წლის ბოლოს კი 47.10 გირვანქა სტერლინგს მიაღწია. კომპანიის აქციები ყველაზე ძვირი წლის განმავლობაში 54.20 გირვანქა სტერლინგი ღირდა, ხოლო ყველაზე დაბალი 35.60 გირვანქა სტერლინგი იყო. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ახლა 2.08 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.