„სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს“ - ამ ლოზუნგით 3 იანვარს 14:00 საათზე ტყიბულის მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება.
დაანონსებული ღონისძიების აღწერაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 24 დეკემბერს თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო სამსახურიდან 38 მეშახტე გაათავისუფლეს.
„დროა, ტყიბულმა თავისი სათქმელი თქვას!
2024 წლის 24 დეკემბერს, რეჟიმის დაკვეთით, Coal of Georgia-მ პოლიტიკური ნიშნით დევნის საფუძველზე 38 მეშახტე სამსახურიდან გაათავისუფლა, რადგან მათ გაბედეს თავისუფლად აზრის გამოხატვა.
ეს გადაწყვეტილება შეურაცხყოფს არა მხოლოდ მეშახტეებს, არამედ ჩვენს თავისუფლებას, ღირსებასა და მომავალს! მეშახტეები ჩვენი ქალაქის ძალაა, მათ მიმართ გამოხატული უსამართლობა ქალაქის ღალატია.
2025 წლის 3 იანვარს, 14:00 საათზე, შევიკრიბებით მერიის წინ! ჩვენი სოლიდარობით ვაჩვენებთ, რომ ტყიბული არ გაჩუმდება! ერთად ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის და დავანახოთ რეჟიმს, რომ ჩვენ ხმას ვერავინ ჩაახშობს!“, - აღნიშნულია აქციის ანონსში.
შეგახსენებთ, მეშახტეების განცხადებით, მათი სამსახურიდან გათავისუფლება აზრის გამოხატვის გამო მოხდა. „საქნახშირი“ კი აცხადებს, რომ კადრები რეორგანიზაციის პროცესიდან გამომდინარე შეამცირეს.