„პოლიტიკური მოვლენები ინვესტორებს აფიქრებს - ბიზნესს უნდა დაანებოს თავი როგორც ერთმა, ასევე მეორე მხარემ“ - მიხეილ ჭელიძე

საქართველოში ბოლო ოფიციალური მონაცემებით 271 427 აქტიური ბიზნესია რეგისტრირებული. ეკონომიკური სუბიექტების უდიდესი ნაწილი (120 045 სუბიექტი) კვლავაც დედაქალაქშია თავმოყრილი. თბილისს კი რეიტინგში მოსდევს იმერეთი (30 741), აჭარა (30 511) და ქვემო ქართლი (19 501 ბიზნესი).

რაოდენობრივად აქტიური ბიზნესების უდიდესი ნაწილი კვლავაც მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის. მაგალითად, საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 758 მსხვილი, 3 258 საშუალო და 232 423 მცირე ბიზნესი. ამასთანავე, 34 988 ბიზნესის ზომა უცნობია.

ამასთანავე, რეგისტრირებული ბიზნესების უდიდესი ნაწილი დაკავებულია საბითუმო და საცალო ვაჭრობით. მაგალითად, ქვეყანაში აღნიშნულ საქმიანობას 86 527 ბიზნესი ახორციელებს. ბიზნესის ტიპის მიხედვით, საბითუმო და საცალო ვაჭრობით დაკავებულია მსხვილი (180) და მცირე (80930) ბიზნესების უმეტესობაც. რაც შეეხება საშუალო ბიზნესებს, ამ შემთხვევაში ყველაზე მეტი სუბიექტი (680) განათლების სფეროში საქმიანობს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორი იყო 2024 წელი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და როგორია მოლოდინები. ჩვენთან საუბრისას მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, მიხეილ ჭელიძე აცხადებს, რომ 2024 წელს გაიზარდა როგორც ბიზნესების ბრუნვა, ასევე დასაქმებულთა რაოდენობა.

„ბოლო კვარტლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის. მთლიანობაში წინა სამი კვარტლის მდგომარეობა აჩვენებს, რომ ბრუნვა და დასაქმება გაზრდილია. აქედან გამომდინარე შეგვიძლია 2024 წელი შევაფასოთ დადებითად“, - ამბობს ჭელიძე.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ორი მთავარი გამოწვევა არსებობდა - ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი.

„პროფესიული განათლების კუთხით არის გამოწვევები. ვერ შოულობენ კვალიფიციურ კადრებს. ეს მდგომარეობა იკვეთება ახლა. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა“, - დასძინა ჭელიძემ.

რაც შეეხება მოლოდინებს, ჭელიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, 2025 წლისთვის ბიზნესს დადებითი მოლოდინები არ აქვს.

„მომდევნო პერიოდისთვის მოლოდინები ძალიან კარგი არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პოლიტიკური მოვლენები თავისას იზამს ოდესმე. ეს პოლიტიკური მოვლენები ინვესტორებს და ხალხს აფიქრებს. ცუდია, როცა პოლიტიკა ეხება ბიზნესს, ეს ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის ცუდია. ბიზნესს უნდა დაანებოს თავი როგორც ერთმა მხარემ, ასევე მეორე მხარემ. ბიზნესი საქმეა, რომ ხალხი დაასაქმოს და გადასახადები გადაიხადოს, დოვლათი შექმნას. პოლიტიკური მხარდაჭერა ბიზნესის საქმე არ არის“, - განაცხადა მიხეილ ჭელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებები 2028 წლის ბოლომდე და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის ფართო პროტესტის მიზეზი გახდა. მოქალაქეები თითქმის 40 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ მიმდინარე მოვლენებს და ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებასა და დაკავებულების გათავისუფლებას.

პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ბიზნეს სექტორი, რომელიც აქტიურად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო „რუსეთის გზაზე“ მიდის, რაც ქვეყნის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოქალაქეები და ბიზნესები მთავრობისგან მოითხოვენ ევროინტეგრაციის კურსზე დაბრუნებას.

მერი ტაბატაძე