რუსეთის მოქალაქეებზე ბინების გაყიდვის წილი შემცირდა, ხოლო ისრაელის მოქალაქეებზე გაიზარდა. ამის შესახებ „გალტ&თაგარტის“ ნოემბრის განახლებაშია საუბარი.
მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში, ოფიციალურ რეგისტრაციებზე დაყრდნობით, თბილისში ბინების რეალიზაციის კუთხით, სულ 3,513 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წლიურად 6.5%-იანი ზრდაა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ტრანზაქციების ზრდა ასევე ფიქსირდება დეველოპერების გამოკითხვით, რაც რეალურ დროში მიმდინარე ტენდენციას უკეთესად ასახავს.
კერძოდ, მონაცემების თანახმად, ბინების გაყიდვები შერჩეული დეველოპერების პროექტებში თვიურად 12.3%-ით გაიზარდა და წლიურად უცვლელი დარჩა, რაც „გალტ&თაგარტის“ მიხედვით, არჩევნების დასრულების შემდეგ დაგროვილ მოთხოვნას უკავშირდება.
„ჩვენი უახლესი გამოკითხვით, შერჩეული დეველოპერების პროექტებში 2024 წლის ნოემბერში გაყიდული ბინების რაოდენობა თვიურად 12.3%-ით გაიზარდა თბილისში, ხოლო წლიურად უცვლელი დარჩა. ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები იყო: 1. 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე დაგროვილი მოთხოვნა. 2. ახალი მსხვილი დეველოპერული პროექტების დაწყება. კერძოდ, 2024 წლის ივნისის შემდეგ ხუთზე მეტი ფართომასშტაბიანი პროექტის გაყიდვები დაიწყო“,- აღნიშნულია ნოემბრის განახლებაში.
“გალტ&თაგარტის“ მონაცემებით, პროექტებში, რომელთა დამთავრებაც 2024 წლის ბოლომდე იყო პროგნოზირებული, ბინების მარაგის 96% გაყიდულია. ამასთან, იმ პროექტებში რომლებიც 2025 წელს სრულდება ბინების 71%-ია უკვე გაყიდული.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ გაყიდვების დიდი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადების სქემებით განხორციელდა. 2024 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინების გაყიდვის ტენდენცია შეიცვალა. რუსეთის მოქალაქეების წილი მთლიან გაყიდვებში 7%-დან 2%- მდე შემცირდა, ხოლო ისრაელის მოქალაქეების წილი 4%-დან 12%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიერ შესყიდვების მზარდი წილი მიუთითებს ბაზარზე გაზრდილ დივერსიფიკაციაზე“,- აღნიშნულია კვლევაში.
ამავე მონაცემების თანახმად, 2024 წლის ნოემბერში თბილისის უძრავი ქონების მეორად ბაზარზე (ჯამურად, ახალ და ძველ პროექტებში) 1,669 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.5%- იანი, ხოლო თვიურად 9.9%-იანი კლებაა. ჯამურად 2024 წლის 11 თვეში თბილისში მეორად ბაზარზე სულ 18,405 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.9%- იანი კლებაა.