„ქართული ოცნება“ სრულ საგარეო იზოლაციაშია - ნუ ეთამაშებიან ცეცხლს. მათ ვერც ჩინეთი და ვერც რუსეთი უშველის"  - ალექსანდრე თვალჭრელიძე

საშინაო და საგარეო პოლიტიკაში როგორი შედეგებით შეხვდა საქართველო 2025 წელს და ამ შედეგების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას 2025 წელს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, იმის გამო, რომ 29 დეკემბერს პარლამენტის შენობაში „ქართული ოცნებისა“ და მხოლოდ ამ პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერების მიერ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგა, საუბარი საშინაო პოლიტიკით უნდა დავიწყოთ.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, ფაქტია, რომ დამდეგ ახალ 2025 წელს საქართველო პოლიტიკური თვალსაზრისით ისე არეულ-დარეული 1991 წლის შემდეგ, ანუ, როცა თბილისში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, არ შეხვედრია.

ვგულისხმობ იმას, რომ ვინც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, ასევე იმას არ ეთანხმება, როგორც ეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა - „საქართველო 2028 წლამდე არ დააყენებს ევროკავშირის წინაშე საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს დღის წესრიგში“, თვეზე მეტია რუსთაველზე საპროტესტო აქციებს მართავენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები არჩევნების შედეგად 4 ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას, ასევე მომიტინგეებს „უსამშობლოებად“, „აგენტებად“, „ლიბერალური ფაშისტებად“ მოიხსენიებენ.

ხელისუფლებამ მომიტინგე პროტესტანტთა წინააღმდეგ აშკარად არაპროპორციული ძალა გამოიყენა. დაზარალებულების რიცხვმა 400 გადააჭარბა. მათ მიმართ ძალის გამოყენების ფორმებმა და მასშტაბმა არათუ არასასიამოვნო განცდა დატოვა საზოგადოებაში, არამედ, ფაქტია, რომ პოლიციისადმი უნდობლობის ბზარიც გააჩინა.

მიუხედავად ამისა, მას შემდეგ რაც აშშ-მ შს მინისტრი გომელაური არა მარტო დაასანქცირა, არამედ „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა, პრემიერ ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ დაპირება რომ გომელაურს და სხვა პოლიციის მაღალჩინოსნებს პრეზიდენტი ყაველაშვილი გორგასლისა თუ ღირსების ორდენებით დააჯილდოვებდა. მეტიც, შს მინისტრი გომელაური ვიცე - პრემიერად იქნა დანიშნული.

ფაქტია ისიც, რომ ქვეყანამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე გაიარა. ის რომ აქციებზე დაკავებულების ცემა-ტყეპისას არავინ გარდაცვლილა, შეიძლება ითქვას, უფლის წყალობით, გაგვიმართლა. ამისთვის რომ სამართალდამცავებს არ უზრუნიათ, ცხადზე უცხადესი.

საშინაო პოლიტიკაში რა შედეგებით შეხვდა საქართველო ახალ 2025 წელს?

- უნდა ითქვას, რომ მმართველმა პარტიამ ბოლო რვა თვის განმავლობაში ურთულეს სტილისტურ ხერხს - ოქსიმორონს - მიმართა. ოქსიმორონი ისეთი სტილისტიკური ილეთია, როცა ხდება შეუთავსებელი ცნებების შერწყმა ერთ კონტექსტში. აშკარა ოქსიმორონებია მმართველი გუნდის, განსაკუთრებით კი ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის მიერ მოგონილი უკვე კლიშეებად ქცეული ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ლიბერალური ფაშიზმი“, ან „გლობალური ომის პარტია“, კიდევ რომელი დაგისახელოთ. ეს აშკარა ნოვაციაა პოლიტოლოგიაში თუ არა, ენათმეცნიერებაში მაინც, ვინაიდან ასეთი ცნებები ბუნებაში არ არსებობს. ფაშიზმი არ შეიძლება იყოს ლიბერალური, ხოლო როგორ წარმოგიდგენიათ გლობალური ომის პარტიის დაფუძნება ან მისი მართვა? ჩვენ ხომ უმბერტო ეკოსა ან დენ ბრაუნის მიერ გამოგონილ სამყაროში არ ვცხოვრობთ, ჩვენ რეალურ პრობლემებთან გვიწევს გამკლავება. უკვე ზემოთქმულიდან ჩანს, რომ მმართველი გუნდი ან საერთოდ ვერ ხედავს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს, ან თავს იტყუებს ან, რაც კიდევ უფრო უარესია, ურცხვად ჩვენ გვატყუებს და ცდილობს ტელეარხი „იმედის“ ანაბარად დაგვტოვოს. სხვანაირად რით ავხსნათ, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე ვერ ხედავს ყოველდღე საქართველოს ქალაქებში პროტესტის სულისკვეთებით გამსჭვალულ ასობით ათას ადამიანს და გვიმტკიცებს, რომ ოპოზიციას ანუ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ 1000 კაცზე მეტი ვერ გამოჰყავს. ცდებით, ბარტონო ირაკლი. ქუჩაში ხალხს მათრახით არავინ მიერეკება. არც რომელიმე პოლიტიკური ძალა უდგას სათავეში ხალხის სამართლიან და კანონზომიერ პროტესტს.

აშკარა ოქსიმორონებია მმართველი გუნდის, განსაკუთრებით კი ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის მიერ მოგონილი უკვე კლიშეებად ქცეული ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ლიბერალური ფაშიზმი“, ან „გლობალური ომის პარტია“, კიდევ რომელი დაგისახელოთ. ეს აშკარა ნოვაციაა პოლიტოლოგიაში თუ არა, ენათმეცნიერებაში მაინც, ვინაიდან ასეთი ცნებები ბუნებაში არ არსებობს. ფაშიზმი არ შეიძლება იყოს ლიბერალური, ხოლო როგორ წარმოგიდგენიათ გლობალური ომის პარტიის დაფუძნება ან მისი მართვა?და ეს პროტესტი არა თქვენმა რომელიმე პოლიტიკურმა ოპონენტმა, არამედ ზუსტად თქვენმა, უკეთეს შემთხვევაში - დაუფიქრებელმა, უარეს შემთხვევაში კი, მაპატიეთ, პროვოკაციულმა გამონათქვამებმა გამოიწვია.

ყოველ პრობლემას, როგორც მედალს, ორი მხარე აქვს, დადებითი და უარყოფითი. უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად შექმნილ ვითარებას ერთი მეტად მნიშვნელოვანი დადებითი ელემენტიც გააჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უკვე სრულყოფილად ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენ თვალწინ ხდება ასეთი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაარსება.

ამ თვალთახედვით მე ერთ ჩემთვის მეტად მნიშვნელოვან და, ჩემი აზრით, არასათანადოდ გაშუქებულ ფაქტს გავუსმევდი ხაზს: მხედველობაში მაქვს საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის დაფუძნება. გაფრინდა პირველი მერცხალი! მოხდა ის, რასაც მე უკვე ოცდახუთი წლის წინ ვვარაუდობდი.

2025 წელს საქართველო შეხვდა ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისით, შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირებით, ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენ მის ზღვარზე უკვე გავიარეთ, მაგრამ უკეთესი მომავლის არც თუ დაუსაბუთებელი იმედით ჭეშმარიტად დამოუკიდებელი პროფკავშირების გარეშე თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოება ვერ იარსებებს. მაგალითად, ვერ მოხერხდება საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობის ბერკეტის სრულყოფილად გამოყენება.

ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: vox populi, vox dei. საქართველოში ხალხის ნებას წინ ვერაფერი დაუდგება. ნუ უყურებთ რუსეთს ან ბელარუსს. რუსების ეთნოსს ჯერ კიდევ პირველი თავადი რიურიკიდან მოყოლებული უყვარს ტირანები, ის უპირველეს ყოვლისა ძალას და არა თავისუფლებას ცემს პატივს.

რუსეთში ხომ ყველაზე პოპულარული მეფეები აშკარა დესპოტები ივანე მრისხანე და პეტრე პირველი არიან, ხოლო თავისუფლების მომტანი ალექსანდრე მეორე სიცოცხლეს გამოასალმეს. საქართველო სულ სხვაა.

ახლა თქვენ კითხვას დავუბრუნდეთ. საქართველო 2025 წელს შეხვდა ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისით, შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირებით, ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენ მის ზღვარზე უკვე გავიარეთ, მაგრამ უკეთესი მომავლის არც თუ დაუსაბუთებელი იმედით.

- მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, იმხანად პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში იუნკრების მემორიალი მთავრობის სახელით გვირგვინებით შეამკო და განაცხადა დაახლოებით ასეთი რამ თქვა, - „ვუსურვებ უკრაინას მშვიდობას, უკრაინა შორსაა და ჩვენ ახლა ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ,“ ამ განცხადებამ საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. დამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებით, სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ცხადია გახდა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები დაიწყო. მეტიც, ამის შემდეგ მოუხშირეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა „კოლექტიური დასავლეთის“ კრიტიკა, რომლებმაც დაიწყეს რუსეთთან ომში ჩაბმული უკრაინის მხარდაჭერა.

უსაფუძვლო აღმოჩნდა ხელისუფლების მტკიცება, რომ საქართველოს „გლობალური ომის პარტია“ „მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდა. ამის შემდეგ დაიწყო ევროკავშირის რეკომენდაციებზე მსჯელობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ძლივს და ისიც სანახევროდ აქვს შესრულებული, ევროკომისიამ 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. მაგრამ, ამის შემდეგ, ხელისუფლებას პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია რეკომენდაციების შესასრულებლად. მაშინ ითქვა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი 2024 წლის არჩევნების სამართლიანად და ობიექტურად ჩატარებაზე იქნებოდა დამოკიდებული. 2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდერის საბოლოო დასკვნა ამ თემაზე რომ კითხვებს არ ტოვებს ცხადია, მათ შორის ბევრი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, ვისაც წაკითხული გაგების უნარი აქვს.

განაგრძეთ კითხვა