ხინკალი რესტორანში 12.4%-ით, ხოლო ლუდი 11.3%-ით გაძვირდა

ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტები, ხინკალი და ლუდი ისევ გაძვირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს დეკემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, რესტორანში ხინკლის ფასი 12.4%-ით ხოლო ლუდის 11,3%-ით გაიზარდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, ინგრედიენტების ღირებულება, რომელიც ხინკლის მომზადებას სჭირდება, საანგარიშო პერიოდში შემდეგნაირად განისაზღვრა: ძროხის ხორცის ფარში 3%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცი - 2,3%-ით, მწვანილის 117.5%-ით, ხახვის 8.8%-ით; ხოლო, ფქვილი 0.8%-ით, ღორის ხორცი კი 1,5%-ით გაიაფდა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, სადილი რესტორანში 4%-ით არის გაზრდილი. ასევე, სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ხაჭაპური საცხობში 3%-ით გაძვირდა, ხაჭაპური კაფეში 4%-ით, ყავა კაფეში -6%-ით.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3%.

პროდუქტებს შორის, დეკემბერში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირებულია მწვანილი, 117,5%-ით, ასევე, ნიორი

- 46,3%-ით და ბადრიჯან - 46%-ით. რაც შეეხება მომსახურებებს, იგივე საანგარიშო პერიოდში გაძვირდა მღებავის მომსახურება (20%), ავტომობილის გარეცხვა (15.5%) და ჯანმრთელობის დაზღვევა (13%).

ნინი ქეთელაური