საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი დეკემბერში წლიურად გაიზარდა, ხოლო თვის ჭრილში შემცირდა. სასტუმროების შემთხვევაში წლიურად ფასების ზრდამ 5% შეადგინა, საოჯახო სასტუმროების ფასები კი 5.2%-ით არის გაზრდილი.
PMCG-ის კვლევის მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, ფასები 2.2%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება საოჯახო სასტუმროებს, ამ შემთხვევაში კლებამ 4.2% შეადგინა.
„დეკემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 154 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასმა - 238 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასმა 110 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა დეკემბერში 444 ლარი შეადგინა. მცხეთა-მთიანეთში ამ ტიპის სასტუმროებში სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 928 ლარი შეადგინა, თბილისში - 580 ლარი, კახეთში - 568 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 371 ლარი“, - აღნიშნულია კვლევაში.