გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაზეთში „ჩემი სოფელი“ აქვეყნებს 5 დაცული ტერიტორიის შესახებ ინფორმაციას, რომელთა მონახულებაც ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით შთამბეჭდავია.
ყაზბეგის ეროვნული პარკი
ალპური მდელოები, მორენები, თოვლით დაფარული მწვერვალები და ხელუხლებელი კლდეები - ყაზბეგის ეროვნულ პარკში გელით. ეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიაა, რომელიც ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით ლამაზია. ყაზბეგის ეროვნულ პარკში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ თრუსოს, დარიალის და ხდის ხეობებს, სადაც ულამაზესი ბუნების გარდა, ადგილობრივ კულტურას და ტრადიციებსაც შეიცნობთ. ყაზბეგის ეროვნულ პარკში მოგზაურობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურთან სიახლოვე, რაც ულამაზესი ბუნებით ტკბობის პარალელურად, ზამთრის სპორტით სიამოვნების შესაძლებლობას იძლევა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ყველაზე პოპულარული ადგილია ვიზიტორებისთვის, სადაც შესაძლებელია როგორც ერთდღიანი ან მრავალდღიანი ლაშქრობების მოწყობა, ასევე ცხენოსნობა, თოვლის ფეხსაცმლით სეირნობა, კულტურული და საგანმანათლებლო ტურების განხორციელება. ეროვნული პარკი აღჭურვილია ტურისტული თავშესაფრებით, კემპინგის ადგილებით, პიკნიკის ზონებითა და ცეცხლის დასანთები პუნქტებით. ზამთარში თოვლის ფეხსაცმლით სეირნობა ყველაზე შთამბეჭდავი და სახალისო აქტივობაა. აღნიშნული სერვისით სარგებლობა მხოლოდ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკშია შესაძლებელი.
თბილისის ეროვნული პარკი
თბილისის ეროვნული პარკი მდებარეობს თბილისიდან 20 კმ-ში. ზამთარში, პარკი ჯადოსნურ სამყაროს ემსგავსება, რასაც თოვლით დაფარული საბადურის ტყის ულამაზესი პეიზაჟები განაპირობებს. ეროვნული პარკი მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და ულამაზესი ხედებით არის გამორჩეული, რაც განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, მრავალ პროფესიონალ თუ მოყვარულ ფოტოგრაფს იზიდავს.
პრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. აქ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ჯადოსნურ მიწისქვეშა სამყაროში იმოგზაუროს, რომელიც სავსეა სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით. თქვენ დაგხვდებათ ექვსი სხვადასხვა, უნიკალური დარბაზი: არგონავტები, კოლხეთი, მედეა, სიყვარული და საქართველო (იბერია). პრომეთეს მღვიმეში მოგზაურობისას ამინდს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მღვიმეში ტემპერატურა, მთელი წლის განმავლობაში, მუდმივად 14 გრადუსია. შესაბამისად, აქ მოგზაურობა ნებისმიერ სეზონზე, მათ შორის ზამთრის ცივ დღეებშიც სასიამოვნოა.
ნავენახევის მღვიმე
ნავენახევის მღვიმე, რომელიც მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტში, განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული, 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. ნავენახევის მღვიმე საქართველოში პირველი ეკოტურისტული მღვიმეა, რომელსაც ერთი შესასვლელ-გამოსასვლელი გააჩნია. სხვა დანარჩენი მღვიმეებისგან ის ნაღვენთი ფორმების სიუხვითაც გამოირჩევა. შესაბამისად, იმოგზაურეთ და აღმოაჩინეთ ბუნების მიერ შექმნილი კიდევ ერთი საოცრება საქართველოში.