პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი ივანიშვილის „პარაგრაფ თბილისში“ რესტორანს ხსნის

საქართველოს ბაზარზე რუსული რესტორნების ქსელი, „ნოვიკოვი“ შემოდის, რომელიც პირველ ობიექტს სანქცირებული ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სასტუმრო “პარაგრაფ თბილისში” ხსნის.

ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს, რომელიც ქართულ ვებგვერდებზე ვაკანსიებსაც აცხადებს.

კერძოდ, კომპანიის განცხადებით, “თბილისში რესტორნის გახსნა მიმდინარე წლის ნოემბერში არის დაგეგმილი, რომლის სახელწოდებაც „Cheese Farm“ იქნება.”

რესტორანი „ნოვიკოვისა“ და მისი პარტნიორი ქართული კომპანიის ერთობლივი გადაწყვეტილებით იხსნება.

კომპანია აცხადებს, რომ თბილისის რესტორანი 100%-ით ქართველი თანამშრომლებით იქნება დაკომპლექტებული. ამჟამად შესაბამისი კადრების შერჩევა მიმდინარეობს, რომლებიც 1-თვიან გადამზადებას ჯგუფთან არსებულ სარესტორნო საქმის სკოლა „ნოვიკოვ სფეისში“ გაივლიან, ხოლო გადამზადებისთვის საჭირო ყველა ხარჯს თავად Cheese Farm-ის გუნდი დააფინანსებს.

“ნოვიკოვის” ცნობით, ქსელი 1991 წელს დაფუძნდა და მსოფლიოს მასშტაბით 265 რესტორანს, მათ შრის, ლონდონში, ლოს-ანჯელესში, მაიამიში, დუბაიში, სტამბულსა და სხვა ქალაქებში მართავს.

ქსელს მისი დამფუძნებლის, არკადი ნოვიოკოვის სახელი ჰქვია. 1962 წელს დაბადებული რუსი რესტორატორი 2012 და 2018 წლების რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო.

არკადი ნოვიკოვმა 1991 წელს რუსული რესტორნების პირველი ჰოლდინგი, Novikov Group დააფუძნა. იმავე წელს ნოვიკოვმა თევზის რესტორანი, Sirena, შემდეგ კი “ცარსკაია ოხოტა” გახსნა, რომელიც პოლიტიკოსებისა და ცნობილი სახეების თავშეყრის ადგილი იყო.

თბილისის რესტორანი Novikov Group-ის 265-ზე მეტ მოქმედ ობიექტს შორის ერთ-ერთის, კერძოდ, Syrovarnya-ს ქსელის რესტორანი იქნება. პირველი Syrovarnya ნოვიკოვმა 9 წლის წინ, 2015 წლის 28 დეკემბერს გახსნა.

არკადი ნოვიკოვი ტელეწამყვანიცაა. კერძოდ, 2005 წელს ის TNT-ზე რეალითი-შოუს, “კანდიდატის” წამყვანი იყო, ხოლო 2013 წლიდან СТС-ზე კულინარიულ შოუ „მასტერშეფს“ უძღვებოდა.

ამასთან, ნოვიკოვი რუსეთის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინთან დაახლოებული პირია და მის ოჯახთან სკანდალური კორუფციული გარიგებებიც აკავშირებს. კერძოდ, ანტიკორუფციული ფონდის გამოძიების თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრის საქმიანობას ეხება, არკადი ნოვიკოვმა მიშუსტინის შვილებთან, ალექსანდრესთან და ალექსეისთან თაღლითური გარიგება დადო, რის შედეგადაც მათ მოსკოვის ერთ-ერთ ელიტარულ კორპუსში ორი ბინა მიიღეს. ასევე, არკადი ნოვიკოვი მიხაილ მიშუსტინის დასთან, ნატალია სტენინასთან და ბიზნესმენ ალექსანდრ უდოდოვთან ერთად ტვერსკოის ბულვარზე ფლობს შენობას, სადაც ადრე ნოვიკოვის რესტორანი, "ნედალნი ვოსტოკი" მდებარეობდა. რესტორნის თანამფლობელები, ასევე, სტენინა და უდოდოვი იყვნენ.

ასევე, არკადი ნოვიკოვის კუთვნილმა კომპანია Intelli-მ 2018 წელს კონკურსის გარეშე მიიღო რამდენიმე შეკვეთა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო “პრეზიდენტ-სერვისიდან” საპროტოკოლო ღონისძიებების მომსახურებისთვის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ