იაპონიაში აუქციონზე თინუსი 1.3 მილიონ დოლარად გაიყიდა

გიგანტური, მოტოციკლის ზომის ცისფერი თინუსი იაპონიის ყველაზე პრესტიჟულ თევზის ბაზარზე 1.3 მილიონ დოლარად (207 მილიონი იენი) გაიყიდა.

იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, თევზი 5 იანვარს მიშლენის ვარსკვლავიანი სუშის რესტორანმა შეიძინა.

ეს მაჩვენებელი ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზრის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებულია. 1999 წელს ბაზარზე თინუსი (ტუნა) 3.1 მილიონ დოლარად გაიყიდა. მისი წონა 278 კგ-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ბაზრის საახალწლო აუქციონს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ქვეყნის საუკეთესო რესტორნებისთვის, პირველი პროდუქციის შეძენა ერთგვარი პრესტიჟია.

„წლის პირველ თინუსს წარმატება მოაქვს“, - აცხადებს რესტორან Sushi Onodera-ს პრეზიდენტი შინჯი ნაგაო, რომელმაც მილიონ დოლარიანი თინუსი შეიძინა.

ჯგუფი ფლობს რესტორნების ქსელს ტოკიოში და ლოს ანჯელესში.

ეს არის ზედიზედ მეხუთე წელი, როდესაც Onodera Group-მა აუქციონზე ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადა. ჯგუფმა შარშან აუქციონზე ცისფერ თინუსში 720 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

თევზის ბაზარი 1935 წელს გაიხსნა. თავდაპირველად ის ცუკიჯიში მდებარეობდა. 2019 წლის ოქტომბერში კი კუნძულ ტოიოსუზე გადაიტანეს.

ცისფერი თინუსი ყველაზე დიდი თევზია, რომელსაც შეუძლია 40 წლამდე იცოცხლოს.

ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) მიხედვით, ეს სახეობა საფრთხის წინაშეა და მათი რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა.

წყარო: edition.cnn

თეონა რამაზაშვილი