რუნეტი ჩამოიშალა - რუსეთში ასობით სერვისი არ მუშაობს

რუსი ინტერნეტ-მომხმარებლები 6 იანვრის დილას სხვადასხვა ვებგვერდსა და სერვისზე წვდომისას მასიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.

ინფორმაციას მონიტორინგის სერვისი, Downdetector ავრცელებს.

პრობლემები მოსკოვის დროით, დაახლოებით, 12:30 საათზე დაიწყო და ახლაც გრძელდება. ყველაზე დაზარალებულ სერვისებს შორის საძიებო სისტემები, Google და Yandex, ასევე, სოციალური ქსელები, საბანკო აპლიკაციები და სხვა პოპულარული რესურსებია.

ამასთან, МТС-ის მომხმარებლები მობილური ინტერნეტისა და სახლის ქსელთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემებს უჩივიან, ხოლო ზოგიერთი მომხმარებელი Google-ის ვებგვერდს საერთოდ ვერ ხსნის.

ხარვეზის მიზეზი უცნობია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრობლემა თავად კომპანიებს უშუალოდ არ უკავშირდება, რადგან ხარვეზები ქვეყნის მასშტაბით არათანაბრად შეიმჩნევა.

პრობლემები ბევრ რეგიონს, მათ შორის, მოსკოვს, უდმურტიას, სვერდლოვსკის, ნოვოსიბირსკისა და ივანოვოს ოლქებს, ასევე, ალთაის მხარეს შეეხო. მომხმარებლები აცხადებენ, რომ ონლაინ-ბანკინგით და სხვა ჩვეულებრივი სერვისებით ვერ სარგებლობენ, ასევე, ონლაინ-კინოთეატრებში ფილმებს ვერ უყურებენ და ვერ თამაშობენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ