„ახალი წლის ღამეს დაბალი აქტივობა იყო - ბევრი ჯავშანი გაუქმდა ქართველების მხრიდან“ - Step Inn-Kazbegi

„31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს ძალიან დაბალი აქტივობა იყო,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ Step Inn-Kazbegi-ის დამფუძნებელმა ანი ალიბეგაშვილმა განაცხადა.

ჰოტელიერი აღნიშნავს, რომ ამ რიცხვებში სასტუმროში ქართველების მხრიდან „ბევრი ჯავშანი გაუქმდა“, იმ განმარტებით, რომ „ახალ წელს რუსთაველზე ხვდებოდნენ“.

„31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს სასტუმროში ძალიან დაბალი აქტივობა იყო, ბევრი ჯავშანი გაუქმდა ქართველების. გვაქვს კომუნიკაცია სხვა სასტუმროებთან და ყველას ერთი სიტუაცია იყო ამ პერიოდში - ქართველების ჯავშნები უქმდებოდა და არგუმენტი იყო ის, რომ რუსთაველზე ვხდებით ახალ წელსო. კონკრეტულად ეს ორი თარიღი ძალიან დაბალი აქტივობა იყო,“ - ამბობს ალიბეგაშვილი.

მისივე თქმით, 7 იანვრამდე Step Inn-Kazbegi-ს დატვირთულობა მაღალ ნიშნულზეა, შემდგომ პერიოდში კი ამ დროის მონაცემებით, 10-15%-მდე იქნება.

„2 იანვრიდან 7 იანვრამდე გვაქვს მაღალი დატვირთულობა, არამხოლოდ ჩვენთან, არამედ მთლიანად რეგიონში. თუმცა, 7 იანვრის შემდეგ ისევ ბრუნდება ძველი მდგომარეობა და 10-15%-იანი დატვირთვით არის ჯავშნები,“ - განაცხადა ანი ალიბეგაშვილმა.

მერი ტაბატაძე