შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი 145 მილიონი ლარი დაჯდება. მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარების ნაწილის - 5 მლნ ლარის ათვისება 2024 წელს მოხდა, წელს კი 25 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება. რაც შეეხება მომდევნო წლებს, 2026 წელს დაიხარჯება 55 მლნ ლარი, 2027 წელს - 5 მლნ, ხოლო 2028 წელს - 55 მლნ ლარი.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, წელს დაიწყება პირველი ფაზა, რომელიც მოიცავს შავი ზღვის ფსკერის ღრმაწყლოვან კვლევებს. მეორე ეტაპზე განხორციელდება სახმელეთო გადამცემი ქსელის გაძლიერება, რათა წყალქვეშა კაბელის მეშვეობით ელექტროენერგიის ურთიერთდაკავშირება და გადაცემა შესაძლებელი გახდეს. მესამე ფაზა კი მოიცავს კაბელებისა და სახმელეთო გარდამქმნელი სადგურების მშენებლობას.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტი მიზნად ისახავს ევროკავშირისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობას და განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას. ამასთანავე, „ენერგეტიკული სისტემა ცენტრალური ევროპის სინქრონულ ზონას დაუკავშირდება, რაც ევროპის ქვეყნებთან ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა“.
შეგახსენებთ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკა“-ს ხელშეწყობით უნდა განხორციელდეს.
2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ. სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა.