„ფქვილის ფასი უკვე გაიზარდა, განსაკუთრებით, არჩევნების შემდეგ“,- ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ეს პურის ღირებულებაზე არ აისახოს, არსებობს გამოსავალი. კერძოდ, როგორც მალხაზ დოლიძე ამბობს, თუ ხელისუფლება ფქვილზე იმპორტის გადასახადს შეამცირებს, პურ-პროდუქტების კომპანიები უფრო მეტ რუსულ ფქვილს გამოიყენებენ, რითაც ფასს დააბალანსებენ, შესაბამისად, პური არ გაძვირდება.
„იმისთვის, რომ ქართული წისქვილები ამუშავებულიყო, იმპორტირებულ ფქვილს დაუწესეს გადასახადი. ჯერ ერთ ტომარაზე 10- ლარიანი, ახლა 12 ლარია. შედეგად, ამ გადასახადებით, დაგროვდა დაახლოებით 15 მლნ ლარი, ეს მიეცი სესხად ამ ქარხნებს (პურის), რომ განვითარდნენ. ფაქტობრივად, არაფრისგან შეიქმნა ფული. ამას ბევრი ფიქრი ხომ არ სჭირდება?! - აი რთულია და ბიუჯეტში საიდან ავიღოთ თანხები, არის ბატონო! ჩვენვე შევქმენით ეს ფული ხომ?! არსებობს უკვე წყარო. დღეს ეს თანხა (საიმპორტო გადასახადი) უკვე მოითხოვს დაკორექტირებას, დაკლებას. იმიტომ, რომ ფქვილის ფასი უკვე წავიდა მაღალა, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ. ახლა ერთი ტომარა 54-55 ლარი გახდა, მანამდე იყო 50 ლარის ფარგლებში“,- ამბობს მალხაზ დოლიძე.
კითხვაზე აისახება თუ არა ეს პურის ფასზე, „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე პასუხობს, რომ გამოსავალზე მთავრობასთან ისაუბრებს.
„აბა არ აისახება?! იმისთვის, რომ ეს პურის ფასზე არ აისახოს, ჩვენ როგორც კი შევხდებით მინისტრს, მას გავესაუბრებით. 10-თეთრიანი სხვაობაა, თუ საბაჟოზე იმპორტის გადასახადი შეამცირეს, მაშინ რუსულ ფქვილს ცოტა მეტს გამოიყენებენ და ამით დააბალანსებენ, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს. ეს გზა არსებობს, რომელიც უნდა შევთავაზოთ. მე ვფიქრობ, არავის უნდა, რომ პური გაძვირდეს. 10 თეთრი არჩევნების წინ ისედაც დაკლებული გვქონდა, იყო თხოვნა, სახელმწიფოს ხელი შეუწვეთ და ა.შ. მე ჯერ არ მინახავს მინისტრი, რომელსაც უნდა, რომ პურის ფასი იყოს მაღალი. ახლა ფასი მოიმატებს თუ არა, ეს დამოკიდებულია ამათზე (მთავრობაზე). არის შესაძლებლობები, რომ ეს დაარეგულირონ. მათ ხელშია და ვერ გეტყვით, რა იქნება“,- ამბობს მალხაზ დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში იმპორტირებული ფქვილის უდიდესი ნაწილი, 96% რუსეთიდან შემოდის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან 15.37 მლნ აშშ დოლარის (62 198 ტონა) ფქვილი შემოვიდა, თუმცა ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განახევრებული მაჩვენებელია. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ შემოღებული საიმპორტო გადასახადია, რომელიც რუსულ პროდუქტზე ქართველი მეხორბლეებისა და ადგილობრივი წისქვილების ხელშეწყობის მიზნით დაწესდა.
უფრო კონკრეტულად, აღნიშნული ბაჟი 2023 წლის ივნისიდან მოქმედებს და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან, 250 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გადაწყვეტილება ჯერ 2024 წლის 1-ელ მარტამდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, ბოლოს კი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა. რაც შეეხება გადასახადის მოცულობას, კვლავ ტონაზე 250 ლარი იქნება.