მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა 2024 წელს 410 ტონამდე ოქრო იყიდეს - როგორია საქართველოს მაჩვენებელი

მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები თითქმის 410 ტონით გაზარდეს.

აშშ-ის არჩევნების შემდეგ, ნოემბერში ოქროს ფასის კლებამ ზოგიერთ ცენტრალურ ბანკს ოქროს რეზერვების დაგროვებისთვის დამატებითი სტიმული მისცა. ნოემბერში ცენტრალურმა ბანკებმა 53 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ნოემბერში ოქროს ყველაზე მსხვილი შემსყიდველი კვლავ პოლონეთის ცენტრალური ბანკი გახდა, რომელმაც მარაგები 21 ტონით 448 ტონამდე გაზარდა. ოქრო ამჟამად პოლონეთის მთლიანი რეზერვების 18%-ს შეადგენს.

ამავე პერიოდში ოქროს კიდევ ერთი უმსხვილესი შემსყიდველი უზბეკეთის ცენტრალური ბანკი იყო, რომელმაც მარაგები 9 ტონით 382 ტონამდე გაზარდა. უზბეკეთს კი რეიტინგში მოჰყვება ინდოეთი, რომლის სარეზერვო ბანკმაც ოქროს მარაგები 8 ტონით 876-მდე გზარდა.

მასთანავე, ნოემბერში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩინეთის სახალხო ბანკის (PBoC) მიერ ოქროს შესყიდვის განახლება იყო. ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, PBoC-მა რეზერვები 5 ტონა ოქროთი გაზარდა. ამჟამად ჩინეთის ოქროს მარაგები ჯამში 2 264 ტონას შეადგენს.

2024 წელს თვეების მიხედვით მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ შესყიდული ოქროს მოცულობა ასე გამოყურება:

  • იანვარი - 45 ტონა;
  • თებერვალი - 19 ტონა;
  • მარტი - 16 ტონა;
  • აპრილი - 32.7 ტონა;
  • მაისი - 56.7 ტონა;
  • ივნისი - 55.4 ტონა;
  • ივლისი -37.1 ტონა;
  • აგვისტო - 8 ტონა;
  • სექტემბერი - 40 ტონა;
  • ოქტომბერი - 47 ტონა;
  • ნოემბერი - 53 ტონა.

ამჟამად, მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით ოქროს რეზერვებს შემდეგი 5 ქვეყნის ცენტრალური ბანკები ფლობენ:

  • აშშ - 8 133 ტონა;
  • გერმანია - 3 351 ტონა;
  • იტალია - 2 451 ტონა;
  • საფრანგეთი - 2 437 ტონა;
  • ჩინეთი - 2 264 ტონა.

რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული ბანკის საბჭომ 2024 წლის 1-ელ მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სებ-მა 332.152 მლნ დოლარის ღირებულების 7 ტონა, უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო იყიდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებს ოქრო მიამატა. 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, სარეზერვო ოქროს მოცულობა 608.3 მლნ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი რეზერვების 14.8%-ს შეადგენს. 2024 წლის ნოემბერში საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 4.123 მლრდ დოლარს შეადგენდა.

მერი ტაბატაძე