„დაიჯერებთ? თბილისში არ არის მანქანა, რომელიც პურს ავტომატურად ჩააწყობს პოლეთილენის პარკში, ხელით აწყობენ. ასეთი ერთი დანადგარი 6 კაცის საქმეს გამოათავისუფლებდა“,- ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ "ბიზნესპრესნიუსთან" ისაუბრა.
მისი თქმით, პურ-პროდუქტების წარმოების კუთხით ბევრი პრობლემებია, რომელიც სათანადო პირებმა უნდა „გაიგონ“.
როგორც მალხაზ დოლიძე ამბობს, თუ მასაც დაპატიჟებენ პრემიერთან შეხვედრაზე, ისევე როგორც სხვა ბიზნესების წარმომადგენლები, აუცილებლად დააყენებს ყველა იმ საკითხს, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. (ცნობისათვის, ბოლოს ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებს 2024 წლის 23 დეკემბერს შეხვდა).
„2024 წელს ერთმა კომპანიამ პარკირების გამო მიიღო 30 ათასი ლარის, ხოლო მეორემ დაახლოებით, 27 ათასი ლარის ჯარიმა. მოდით, შევხედოთ გვერდიდან, კვების პროდუქტებში ყველაზე დაბალი ფასი აქვს პურს, საიდან მოიტანონ ახლა ამ ჯარიმების ფული კომპანიებმა?! ეს თვითღირებულებას ხომ დააწვება?!
მხოლოდ ერთხელ მისცეს სესხი „იფქლს“, ესეც მაშინ მოხდა, როდესაც ჩვენი ხელმძღვანელი (სოფლის მეურნეობის მინისტრი), იყო დავითაშვილი, მაშინ მივიყვანე, ვანახე, ძალიან მოეწონა. ერთი ორ ქარხანაში მართლა არის ჩადებული ინვესტიცია და ისეთი კარგია, გულს ესიამოვნება, მაგრამ, ბევრ პრობლემებიც არის. დაიჯერებთ? თბილისში არ არის მანქანა, რომელიც პურს ავტომატურად ჩააწყობს პოლიეთილენის პარკში, ხელით აწყობენ. ასეთი ერთი დანადგარი 6 კაცის საქმეს გამოათავისუფლებდა. მარტო ესეც ხომ არ არის, იქ ცომსაზელია, დასაგუნდავებელია, ორთქლის ქვაბებია და ა.შ.
მხოლოდ ხელის შეწყობაში ვხედავ გამოსავალს, ვიღაცამ უნდა გაიგონოს. ვგულისხმობ, დაბალ პროცენტიან სესხს ა.შ. ეს რომ ვითხოვეთ, გვიპასუხეს, ერთხელ ხომ მივეცით, ახლა სხვა დარგებს უნდა დავეხმაროთო. ალბათ, ცოტაა და ბევრს ვერ აკმაყოფილებენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პური პირველადია და ჯერ ამას უნდა მიექცეს ყველაზე დიდი ყურადღება. მეწარმეებთან შეხვედრაო და ბანკირები დაიბარეს (პრემიერისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე). პრაქტიკული მეწარმე არცერთი არ იჯდა. თუ დამპატიჟებენ, მეც მივალ და დავაყენებ ყველა იმ პრობლემას, რაც დარგს აქვს.
იმისთვის, რომ ქართული წისქვილები ამუშავებულიყო, იმპორტირებულ ფქვილს დაუწესეს გადასახადი. ჯერ ერთ ტომარაზე 10- ლარიანი, ახლა 12 ლარია. შედეგად, ამ გადასახადებით, დაგროვდა დაახლოებით 15 მლნ ლარი, ეს მიეცი სესხად ამ ქარხნებს (პურის), რომ განვითარდნენ. ფაქტობრივად, არაფრისგან შეიქმნა ფული. ამას ბევრი ფიქრი ხომ არ სჭირდება?! - აი რთულია და ბიუჯეტში საიდან ავიღოთ თანხები, არის ბატონო! ჩვენვე შევქმენით ეს ფული ხომ?! არსებობს უკვე წყარო. დღეს ეს თანხა (საიმპორტო გადასახადი) უკვე მოითხოვს დაკორექტირებას, დაკლებას. იმიტომ, რომ ფქვილის ფასი უკვე წავიდა მაღლა, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ. ახლა ერთი ტომარა 54-55 ლარი გახდა, მანამდე იყო 50 ლარის ფარგლებში“,- ამბობს მალხაზ დოლიძე.
კითხვაზე აისახება თუ არა ეს პურის ფასზე, „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე პასუხობს, რომ გამოსავალზე მთავრობასთან ისაუბრებს.
„აბა არ აისახება?! იმისთვის, რომ ეს პურის ფასზე არ აისახოს, ჩვენ როგორც კი შევხდებით მინისტრს, მას გავესაუბრებით. 10-თეთრიანი სხვაობაა, თუ საბაჟოზე იმპორტის გადასახადი შეამცირეს, მაშინ რუსულ ფქვილს ცოტა მეტს გამოიყენებენ და ამით დააბალანსებენ, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს. ეს გზა არსებობს, რომელიც უნდა შევთავაზოთ. მე ვფიქრობ, არავის უნდა, რომ პური გაძვირდეს. 10 თეთრი არჩევნების წინ ისედაც დაკლებული გვქონდა, იყო თხოვნა, სახელმწიფოს ხელი შეუწვეთ და ა.შ. მე ჯერ არ მინახავს მინისტრი, რომელსაც უნდა, რომ პურის ფასი იყოს მაღალი. ახლა ფასი მოიმატებს თუ არა, ეს დამოკიდებულია ამათზე (მთავრობაზე). არის შესაძლებლობები, რომ ეს დაარეგულირონ. მათ ხელშია და ვერ გეტყვით, რა იქნება“,- ამბობს მალხაზ დოლიძე.